ბრიტანელი ჩოგბურთელი ახალ სეზონს დელრი ბიჩის ღია პირველობაზე დაიწყებს, რომლის ორგანიზატორებისგანაც უაილდ ქარდი მიიღო. ფლორიდული ტურნირი ATP 250 სერიას მიეკუთვნება.
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ვინც ამჟამად რეიტინგში 122-ე ადგილზეა, ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, ამერიკელ რილი ოპელკასთან, პირველ ნომრად განთესილ ამერიკელ ჯონ ისნერთან და კანადელ მილოშ რაონიჩთან ერთად იასპარეზებს.
დელრი ბიჩის ტურნირი 7-13 იანვარს გაიმრთება. ტრადიციულად, ის თებერვალში ტარდება ხოლმე, მაგრამ ავსტრალიის ღია პირველობის გადანაცვლების გამო, იანვარში გადმოიტანეს. შესაბამისად, ის დიდი სლემის ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნება. ავსტრალიის ღია სტარტს 8 თებერვალს აიღებს.
მარის დიდი სლემის სამი ტიტული აქვს მოპოვებული. შარშან იანვარში თეძოს ოპერაცია გაიკეთა და ფორმიდან ამოვარდა. შვიდი თვის შემდეგ, ის ანტვერპენის ტურნირზე დაბრუნდა და 2017 წლის შემდეგ, პირველი ტიტული მოიპოვა.
33 წლის ბრიტანელს ძველმა ტრავმამ ამ სეზონშიც შეახსენა თავი, რასაც პანდემიით გამოწვეული უქმეობა მოჰყვა. ამის შემდეგ, აშშ-ის ღია პირველობას მეორე წრეში, საფრანგეთის ღია პირველობას კი პირველივე წრეში გამოეთიშა.