მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური ზარალის შესახებ ისაუბრა. გერმანელი მენეჯერის განაცხადებით, უმაყურებლოდ თამაშის გამო, ერთ მატჩში დაახლოებით 4 მილიონ ევროს კარგავენ.
რუმენიგემ გარდა ამ საკითხისა, რომის „ლაციოზეც“ გააკეთა კომენტარი, რომელიც „ბაიერნის“ მეტოქე იქნება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.
„გერმანიაში ვირუსის პირველი ტალღის დროს ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, მარტსა და აპრილში დანარჩენი ევროპისთვის მაგალითი ვიყავით. მეორე ტალღასთან ერთად ყველაფერი ძალიან გართულდა, ყოველდღიურად სიკვდილიანობის დიდი რაოდენობა ფიქსირდება.
ფეხბურთიც იცვლება. ფინანსური ზიანი კლუბებს არ აძლევთ საშუალებას, რომ ძველებურად დახარჯონ ფული და ჩემი აზრით, ხელფასები მომავალშიც შემცირდება. გარდა ამისა, მაყურებლის გარეშე თითოეულ მატჩში დაახლოებით 4 მილიონ ევროს ვკარგავთ. ბოლო პერიოდში ტრანსფერების ღირებულებამ ძალიან გაზვიადებულ ფასებს მიაღწია, იქნებ, ამ კრიზისის შემდეგ უფრო ნაკლები დავხარჯოთ.
2020 წლის საუკეთესო მომენტი? როდესაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგის თასი ავწიეთ, ეს განსაკუთრებული სიხარული იყო. „ბაიერნის“ მუდმივი ჩემპიონობა გერმანიაში? ეს შეიძლება უპირატესობა იყოს, ჩვენ ასევე სხვა გუნდებსაც ვუბიძგებთ, რომ გაუმჯობესდნენ და უკეთესად ითამაშონ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
ჩემპიონთა ლიგაზე „ლაციოსთან“ თამაში? რაც არ მომწონს, ის არის, რომ „ლაციოს“ სათანადოდ არ აფასებენ. ამ გუნდმა „დორტმუნდს“ მოუგო და სტუმრად ფრე ითამაშა, „დორტმუნდი“ კი არის გუნდი, რომელიც ბოლო წლებში გერმანიაში ყოველთვის მეორე ადგილზეა“, - თქვა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნისთვის" სპორტული თვალსაზრისით 2020 წელი ფანტასტიკური გამოდგა და ყველაფერი მოიგო - ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.