1931 – დაიბადა ჯონ ჩარლზი (უილიამ ჯონ ჩარლზი). უელსის ნაკრების, “ლიდს იუნაიტედის” (1948-57, 1962), ტურინის “იუვენტუსის” (1957-62), “რომას” (1962-63), “კარდიფ სიტის” (1963-66), “ჰერეფორდის” (1966-71) ცენტრფორვარდი. ლიდსელთა შემადგენლობაში ჩაატარა 297 შეხვედრა, გაიტანა 150 გოლი. 1953-54 წლების სეზონში გაიტანა იორკშირელთა გუნდის სარეკორდო რაოდენობის, 42 ბურთი. ლიდსის “ელანდ როუდის” სტადიონის დასავლეთ ტრიბუნას ჯონ ჩარლზის სახელი მიაკუთვნეს. “იუვენტუსში” ჩარლზის გადასვლისას დამყარდა სატრანსფერო რეკორდი – ტურინელებმა უელსელის სანაცვლოდ 65 ათასი გირვანქა გადაიხადეს. ჩარლზი სამჯერ (1958, 1960, 1961) გახდა იტალიის ჩემპიონი, ორჯერ (1959, 1960) დაეუფლა აპენინელთა თასს. 1958 წელს დაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად. “იუვენტუსის” შემადგენლობაში ჩაატარა 150 მატჩი, გაიტანა 93 გოლი. “კარდიფ სიტის” რიგებში გამოსვლისას 1964 და 1965 წლებში მოიპოვა უელსის თასი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი (ამ ეტაპზე უელსი პელეს გოლით 0:1 დამარცხდა). უელსის ნაკრებში ჩაატარა 38 მატჩი, გაიტანა 15 გოლი. დაასახელეს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის უელსის საუკეთესო ფეხბურთელად. ჯონ ჩარლზი 2004 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1879 - ლივერპულის “ევერტონმა” ამჟამინდელი სახელით პირველი მატჩი ჩაატარა. მანამდე “გუდისონ პარკელებს” “სენტ დომინგო” ერქვათ.
1889 - ინგლისელმა გამომგონებლებმა, დენიელ სტოვერმა და უილიამ ჰანსმა დააპატენტეს სპორტული ველოსიპედი, რომელსაც მუხრუჭები უკანა საბურავზე ჰქონდა დამონტაჟებული.
1893 - ამერიკელმა მეწარმე ჰენრი ფორდმა, თავის პირველ საავტომობილო ძრავაზე მუშაობა დაასრულა.
1950 - “კლივლენდ ბრაუნზი” ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტ მატჩში მან ”ლოს ანჯელესს” 30:28 სძლია.
1972 - “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა ტომ დოჰერტიმ. “ოლდ ტრაფორდელები” “ლიდს იუნაიტედს” 1:1 ეთამაშნენ.
2004 - სან პაულოს “სანტოსი” ბრაზილიის საფეხბურთო პირველობის ჩემპიონი გახდა.
2006 - არგენტინული “სან-ლორენსოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რამონ დიასი დაინიშნა.
2007 - თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” მცველ კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ცინცაძეს, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2007 - კოტ დივუარის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ჩელსის” ფორვარდი, დიდიე დროგბა, აფრიკის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
2007 - იტალიური “კალიარის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ნედო სონეტი გადააყენეს.
2012 - ბაქოს “ინტერის” მეკარე გიორგი ლომაიამ კლუბის არსებობის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. ქართველმა მეკარემ ზედიზედ 6 მატჩი განმავლობაში გოლი არ გაუშვა, რაც მანამდე “ინტერის” ისტორიაში არ მომხდარა.
ამ დღეს დაიბადნენ
1868 - ემანუელ ლასკერი. გერმანელი (წარმოშობით ებრაელი) მოჭადრაკე და მათემატიკოსი. დაიბადა ბრანდენბურგში (ამჟამად პოლონური ბარლინეკი). 1894 წელს დაამარცხა ვილჰელმ სტეინიცი და მსოფლიოს რიგით მე-2-ე ჩემპიონი გახდა. ამ ტიტულისათვის მატჩში ემანუელ ლასკერმა 10 პარტია მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 5 წააგო. მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი, მათ შორის ლონდონის (1899), სანკტ-პეტერბურგის (1896, 1914), ნიუ იორკის (1924). ემანუელ ლასკერი პლანეტის ჩემპიონის ტიტულს 1921 წლამდე ფლობდა. პირველობა მას კუბელმა ხოსე რაულ კაპაბლანკამ ჩამოართვა. ლასკერი მისთვის ტიტულის დათმობას უბრძოლველად აპირებდა, მაგრამ კუნძულელმა მატჩის ჩატარების გარეშე ჩემპიონობა იუკადრისა, ლასკერი თამაშზე დაიყოლია და დაამარცხა. გერმანიის სათავეში ნაცისტების მისვლის შემდეგ, ემანუელ ლასკერი და მისი მეუღლე მარტა კონი იძელებულნი გახდნენ, ემიგრაციაში წასულიყვნენ. ისინი თავდაპირველად ინგლისში გადაბარგდნენ, ცოტა ხანი საბჭოთა კავშირშიც იცხოვრეს და საბოლოოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდნენ. ემანუელ ლასკერი მოჭადრაკეობასა და მათემატიკოსობას, ფილოსოფოსობასაც უთავსებდა. იგი ალბერტ აინშტაინის მეგობარი იყო. ემანუელ ლასკერი 1941 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა.
1931 - ჯონ ჩარლზი (უილიამ ჯონ ჩარლზი). უელსის ნაკრების, “ლიდს იუნაიტედის” (1948-57, 1962), ტურინის “იუვენტუსის” (1957-62), “რომას” (1962-63), “კარდიფ სიტის” (1963-66), “ჰერეფორდის” (1966-71) ცენტრფორვარდი. ლიდსელთა შემადგენლობაში ჩაატარა 297 შეხვედრა, გაიტანა 150 გოლი. 1953-54 წლების სეზონში გაიტანა იორკშირელთა გუნდის სარეკორდო რაოდენობის, 42 ბურთი. ლიდსის “ელანდ როუდის” სტადიონის დასავლეთ ტრიბუნას ჯონ ჩარლზის სახელი მიაკუთვნეს. “იუვენტუსში” ჩარლზის გადასვლისას დამყარდა სატრანსფერო რეკორდი – ტურინელებმა უელსელის სანაცვლოდ 65 ათასი გირვანქა გადაიხადეს. ჩარლზი სამჯერ (1958, 1960, 1961) გახდა იტალიის ჩემპიონი, ორჯერ (1959, 1960) დაეუფლა აპენინელთა თასს. 1958 წელს დაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად. “იუვენტუსის” შემადგენლობაში ჩაატარა 150 მატჩი, გაიტანა 93 გოლი. “კარდიფ სიტის” რიგებში გამოსვლისას 1964 და 1965 წლებში მოიპოვა უელსის თასი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი (ამ ეტაპზე უელსი პელეს გოლით 0:1 დამარცხდა). უელსის ნაკრებში ჩაატარა 38 მატჩი, გაიტანა 15 გოლი. დაასახელეს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის უელსის საუკეთესო ფეხბურთელად. ჯონ ჩარლზი 2004 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა.
1933 - ვიქტორ პრიაჟნიკოვი. საბჭოთა ჰოკეისტი. 1959 და 1960 წლებში მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. 1957 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
1944 - ერჰარდ კელერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოციგურავე. 500 მეტრზე ციგურებით რბენაში, 1968 და 1972 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს 2 მედალი.
1937 - ფელიქსი (ფელიქს ვიელი ვენერანდო). ბრაზილიის ნაკრებისა და “ფლუმინენსეს” მეკარე. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი. “ფლუმინენსეს” რიგებში გამოსვლისას 1969, 1971, 1973, 1975 და 1976 წლებში მოიპოვა რიო დე ჟანეიროს (კარიოკას) შტატის ჩემპიონობა. 1967 და 1968 წლებში დაეუფლა შტატის თასს.
1973 - ედი პოუპი. ამერიკელი ფეხბურთელი. MLS-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. ამპლუით მცველი. თავის პირველივე სეზონში “ვაშინგტონის” შემადგენლობაში ფლეი-ოფში გადამწყვეტი გოლი გაუტანა “ლოს ანჯელეს გელექსის”. იმავე სეზონში აღიარეს ლიგის უძლიერეს მცველად. ედი პოუპი დაასახელეს MLS-ის ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში. იგი ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა.
1974 - მარსელო სალასი (ხოსე მარსელო სალას მელინაო). ჩილეს ნაკრების, “უნივერსიდად დე ჩილეს” (1993-96, 2005-07), ბუენოს აირესის “რივერ პლეიტის” (1996-98, 2003-05), რომის “ლაციოს” (1998-2001), ტურინის “იუვენტუსის” (2001-03) ფორვარდი. 1999 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. 2000, 2002 და 2003 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი. მოგებული აქვს არგენტინის კლაუსურასა და აპერტურას ჩემპიონატები. საკლუბო დონეზე ჩაატარა 343 მატჩი, გაიტანა 174 გოლი. ჩილეს ნაკრებში იასპარეზა 71-ჯერ, გაიტანა 37 გოლი.
1975 - ნატალი უორდი. ავსტრალიელი სოფტბოლელი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
1975 - მატეო სორანგო. იტალიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსროლელი-ფორვარდი (197 სმ). ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.