ფეხბურთი

23:15 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა არტეტას მხარდაჭერას უცხადებს

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "არსენალი" დიდ შეცდომას დაუშვებს თუ მიკელ არტეტას გაათავისუფლებს. აღნიშნული განცხადება ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისის ლიგის თასზე "არსენალთან" მოგებული (4:1) შეხვედრის შემდეგ გააკეთა. "არსენალმა" ბოლო რვა შეხვედრაში პრემიერლიგასა და თასზე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

მიკელმა "ქალაქელები" ერთი წლის წინ დატოვა, მაშინ ესპანელი გვარდიოლას თანაშემწე იყო.

"სავსებით დარწმუნებული ვარ "არსენალი" არტეტასადმი ნდობას გააგრძელებს. კლუბი დიდ შეცდომას დაუშვებს თუ მის გაშვებაზე დაიწყებს ფიქრობს. არტეტა ძალიან კარგი პიროვნებაა და ასევე განსაკუთრებული მენეჯერული ნიჭი აქვს. უბრალოდ დროის საკითხია, იგი თავის საქმეს კარგად შეასრულებს.

შემიძლია ჩემი გამოცდილების შესახებ გითხრათ, რომელიც მასთან ერთად მუშაობისას მივიღე, მაშინ ჩვენ ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავდა და არტეტა ამ გუნდის მონაწილე იყო. ამ შედეგს მის გარეშე ვერ მივაღწევდით. თუ გინდა ასეთი დონის წარმატებას მიაღწიო დროა საჭირო." - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გვარდიოლამ.

არტეტამ "სიტისთან" მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებს და მას კლუბიდან მხარდაჭერა აქვს. "არსენალის" ჩაბარების შემდეგ მიკელის გუნდმა ასოციაცის თასი მოიგო და შემდეგ სუპერთასზე "ლივერპულის" დამარცხება შეძლო. 2020/21 წლების სეზონი კი "არსენალმა" ცუდად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ლიგაზე გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო ჯგუფში, პრემიერლიგაში "მეთოფეებს" საქმე ცუდად მისდით. გუნდი 14 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და გასავარდნი ზონიდან ოთხი ქულით მაღლაა.

"ესაა გადამწყვეტი მომენტი ჩვენთვის ამ სეზონში და ამ კვირიდან ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ფეხბურთელების და გულშემატკივრების მაგივრად განვცდი, რადგან ყოველ მატჩში რაღაც ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგრამ ჩვენ გვინდა შედეგი." - ციტირებს "არსენალის" ვებგვერდი არტეტას სიტყვებს.

"მეთოფეები" შემდეგ მატჩს შინ ლონდონის "ჩელსისთან" 26 დეკემბერს ჩაატარებენ. "არისტოკრატები" პრემიერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზე 25 ქულით იმყოფებიან.

0.125323