ფეხბურთი

21:26 | 23.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსული გამოცემა: "ზენიტისთვის" ხვიჩა კვარაცხელია იდეალური იქნება"

რუსულმა გამოცემა Sovsports-მა რუსეთის პრემიერლაში 9 ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებმაც მიმდინარე სეზონიდან გამომდინარე იმაზე უკეთესი რანგის გუნდებში გადასვლა დაიმსახურეს, ვიდრე ახლა თამაშობენ.

ჩამონათვალაში ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც „რუბინის“ ღირსებას იცავს და „სოვეცკი სპორტის“ სტატიაში მასზე ნათქვამია, რომ „ზენიტს“ გააძლიერებდა...

„ადამიანი, რომელსაც შესავალი არ სჭირდება. „ლოკომოტივში“ გადასვლის დღიდან ყველას სმენია ქართველი გარემარბის შესახებ. „რკინიგზელთა“ სპორტული დირექტორის მოადგილის, ანდრეი ლოსიუკის განმარტება - „ეს ხდება“ - მისი კვალიფიკაციის საუკეთესო აღწერაა.

ხვიჩა ერთ-ერთი კაშკარა დრიბლიორია (საშუალოდ თამაშში 3.6, ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია) და ყველაზე არასტანდარტული მოთამაშე რუსეთის პრემიერლიგაში. რაც მას ჯერ კიდევ აკლია, შედეგიანობაა. 16 მატჩში მხოლოდ 2 გოლი და 2 საგოლე პასი ამას ადასტურებს, მაგრამ ასაკთან და უფრო მაღალკვალიფიციურ თანაგუნდელებთან ერთად ამაში აუცილებლად უნდა მოუმატოს.

კვარაცხელიათი უკვე დაინტერესდნენ იტალიური კლუბები - „ტორინო“, „უდინეზე“ და „სასუოლო“), მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჯერ მისთვის უცხოეთში წასვლა ნაადრევია. თუმცა, „ზენიტი“, რომელიც ვერ პოულობს მარცხენა ნახევარმცველს, იდეალური იქნებოდა“, - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ქართველი გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. მიმდინარე სეზონში კი 16 თამაშში თავი 2 გოლით, 2 საგოლე პასითა და 3-ჯერ მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

0.113081