ATP-მ თავისი სეზონის საუკეთესო ჩოგბურთელები დაასახელა. სხვადასხვა ნომინციებში არიან მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი.
ჯოკოვიჩმა მეექვსე სეზონი დაასრულა რეიტინგის პირველ საფეხურზე და ფედერერის რეკორდი გაიმეორა. სერბი შვეიცარიელის კიდევ ერთ რეკორდთან არის ახლოს - უკვე ზედიზედ 300 კვირაა, რაც მას რეიტინგის მოწინავე საფეხური უკავია. ათიც და ფედერერის რეკორდს გაიმეორებს. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის გამო, ATP-ს ქულების გამოკლების სისტემა დროებით გაჩერებული აქვს, ჯოკოვიჩს ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს.
ფედერერმა გასულ სეზონში მხოლოდ ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მაინც ფანების რჩეული გახდა. უკვე 18 სეზონია, რაც შვეიცარიელი ფანებისგან ამ აღიარებას უცვლელად იღებს, რაც რა თქმა უნდა, რეკორდია.
მამაკაც წყვილებს შორის, სეზონი რეიტინგის უმაღლეს საფეხურზე დაასრულა ხორვატი მატე პავიჩის და ბრაზილიელი ბრუნო სუარეშის დუეტმა.
ნადალმა კი სტეფან ედბერგის სახელობის პრიზი მიიღო სპორტული სულისკვეთებისთვის. ესპანელმა ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ, სულ კი მეოთხედ დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მან როლან გაროსზე მე-13 ტიტული მოიპოვა.