ეგვიპტის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მოჰამედ აბუტრიკამ, რომელიც მოჰამედ სალაჰის ახლო მეგობარია, განაცხადა, რომ სალაჰი „ლივერპულში“ ბედნიერი აღარ არის და კლუბსაც მისი გაყიდვა ფინანსური თვალსაზრისით სურს.
„სალაჰს დავურეკე და „ლივერპულში“ შექმნილ ვითარებაზე ვკითხე. ის გაბრაზებულია, მიუხედავად იმისა, რომ ეს გავლენას არასდროს ახდენს მოედანზე მის თამაშზე. ვიცი, რომ სალაჰი ბედნიერი აღარ არის „ლივერპულში“, თუ რატომ, ეს საიდუმლოა და ამის შესახებ საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ „მიდტიულანდთან“ კაპიტნის სამკლავური არ მისცეს.
ჩემი აზრით, „ლივერპული“ სალაჰის გაყიდვაზე ფიქრობს ეკონომიკური მიზეზების გამო. ის ჩემი ახლო მეგობარია და საკმარისად ჭკვიანია, რომ იცოდეს, რა არის მისთვის უკეთესი“, - თქვა აბუტრიკამ.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. ეგვიპტელი ფეხბურთელი „წითლების“ ბოლო მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ „კრისტალ პალასთან“ ცვლილებაზე შესულმა დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, სალაჰს "რეალი" და "ბარსელონა" იწვევენ.