ფეხბურთი

17:10 | 21.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნემსაძე: "ამ გამოწვევისთვის მზად ვარ, ძირითადი ბირთვის შეცვლას არ ვემხრობი"

„დინამო თბილისმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ნემსაძე ოფიციალურად წარადგინა. 48 წლის სპეციალისტმა მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ამ ახალი, რთული გამოწვევისთვის მზად არის.

„ძალიან კარგად ვიცი „დინამო“ როგორი ტრადიციების გუნდია. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის, ეს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და თასის მოგება იქნება, მაგრამ არც უფრო მაღალ მიზნებზე ვიტყვით უარს. ჩემი აზრით, „დინამოს“ ძალიან კარგი აკადემია ჰყავს, ვიცით, რამდენი ფეხბურთელი აღიზარდა იქ და უნდა ვეცადოთ ეს მაქსიმალურად გამოვიყენოთ, წამოვწიოთ იქიდან ფეხბურთელები.

ვფიქრობ, ამ გამოწვევისთვის მზად ვარ, რომ ახალი ისტორია შექმნა, რომელიც გაახარებს გულშემატკივარს და კლუბს წარმატებას მოუტანს. ვერ გეტყვით, რამდენად არის ეს ახდენილი ოცნება, რადგან ძალიან შრომატევადი სამუშაოა გასაწევი, გუნდში დიდი მოთხოვნებია და გრძელი გზაა გასავლელი.

გუნდის ძირითადი ბირთვი უცვლელი დარჩება, არ ვემხრობი მთლიანად შეცვლას, თუმცა რაღაც ცვლილებები იქნება იმ რგოლებში, სადაც გუნდს გაძლიერება სჭირდება. ტრანსფერებზე კონკრეტულად ახლა ვერ ვისაუბრებ, რადგან გუნდში ერთი დღეა რაც ვარ და ჯერ ჩამოყალიბების პოცესში ვართ“, - თქვა ნემსაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ნემსაძე ბოლოს გორის „დილაში“ მუშაობდა, რომელიც ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზე გაიყვანა და 2016 წლის შემდეგ შიდა ქართლელები პირველად გავიდნენ ევროტურნირებზე.

0.124461