ცნობილმა რუსულმა გამოცემა Sport-express-მა რუსეთის 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჟურნალისტების, მენეჯერების, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოავლინა და ხვიჩა კვარაცხელიამ სამუელ ჟიგოსთან და გჟეგოჟ კრიხოვიაკთან ერთად მეთორმეტე-მეთოთხმეტე ადგილები გაიყო.
საბოლოოდ გამარჯვება მოსკოვის ცსკა-ს ხორვატმა შემტევმა ნიკოლა ვლაშიჩმა მოიპოვა, რომელმაც 251 ქულა დააგროვა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ალექსეი მირანჩუკსა და რომან ზობნინს დამაჯერებლად აჯობა.
ხვიჩას რაც შეეხება, მას მხოლოდ 12 ქულა ერგო, საიდანაც 7 მენეჯერებმა მისცეს, 3 მწვრთნელებმა და 2 ჟურნალისტებმა, ხოლო ქომაგებს მისთვის ხმა არ მიუციათ.
გამოკითხვის პრინციპი მარტივი იყო - თითოეული ასახელებდა საუკეთესოე ხუთეულს, პირველ ადგილზე ვისაც დაასახელებდნენ 5 ქულა ენიჭებოდა, მეორე ადგილს 4 და ამ შესაბამისობით.
ცნობისთვის, „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კვარაცხელია თავის ხუთეულში შეიყვანა, თუმცა მხოლოდ მე-5 ადგილზე და მისგან 1 ქულა ერგო. „როტორის“ თავკაცმა ალექსანდ ხაცკევიჩმა კი მას მე-4 პოზიცია მიაკუთვნა და 2 ქულა დაუწერა. სწორედ ამ ორი მწვრთნელისგან ერგო ხვიჩას ქულები. სხვათა შორის, გამოკითხვაში იური სიომინიც მონაწილეობდა, მაგრამ მას ხუთეულში ქართველი შემტევი არ შეუყვანია.