ბლოგი

14:14 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო გეოგრაფია

მაშინ, როდესაც ევროპასა და ლათინურ ამერიკას ფეხბურთი ერთგვარად მონოპოლიზირებული ჰქონდათ და მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე აფრიკის, აზიისა და ცენტრალური ამერიკის გუნდები დამთრგუნველად დიდი ანგარიშით მარცხდებოდნენ, ბევრი ამბობდა, რომ არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს საფეხბურთო თვალსაზრისით “მეორეხარისხოვანი” კონტინენტების მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა და მათ ნაცვლად ევროპული და სამხრეთამერიკული ნაკრებების დამატება უფრო საინტერესოს გახდის მსოფლიოს ჩემპიონატსო.

ეს მოსაზრება რომ ძირშივე მცდარი იყო, ყველაზე კარგად დრომ და შედეგებმა დაამტკიცა. თუმცა, ამ შემთხვევაში მხოლოდ შედეგები როდია გადამწყვეტი. სხვა თვალით რომ განვიხილოთ, ერთი შეხედვით, თითქოს, რატომ უნდა იყოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი ზელანდიის ნაკრები, როდესაც ჩემპიონატის მიღმა ვთქვათ ჩინელები დარჩნენ?! მილიარდობით ჩინელისთის განა მათი ნაკრების ხილვა არ ჯობს ენდი ბარტონისა და როი ფელონის ცქერას?!

ძალიან ადვილია შორიდან მსჯელობა, შეფასება და ყველაფრის მხოლოდ საკუთარ გემოვნებაზე მორგება მაშინ, როდესაც ბევრს არ სურს წარმოიდგინოს ის სიხარული, რაც ახალზელანდიელ ხალხს მათი ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშმა მიანიჭა.

თუკი სასწაული მოხდა და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც უწია მსგავს დიდ მუნდიალს, დარწმუნებული ვარ, ევროპაში ბევრი“ექსპერტი” გამოჩნდება, რომლებიც თეორიებს ჩამოაყალიბებენ იმასთან დაკავშირებით, რომ პატარა საქართველოს, არც მატერიალურად და არც სხვა მხრივ არ შეუძლია რაიმე შესძინოს მსოფლიო ფეხბურთს და უმჯობესია, რომ საქართველოს ნაცვლად, თუნდაც ვთქვათ - ავსტრიის ნაკრები გასულიყო. ამ დროს, დარწმუნებული ვარ, მავან “ექსპერტს” აზრადაც კი არ მოუვა, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, ჩავიდეს ვთქვათ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში და გაიგოს თუ რამხელა ბედნიერება იქნება მათთვის ეროვნული ნაკრების თუნდაც მხოლოდ სამი მატჩის ნახვა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გეოგრაფიული თვალსაწიერის გაფართოვებას მსოფლიო ფეხბურთისათვის მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია. და არამხოლოდ ფეხბურთისათვის...

თბილისში ბევრი ზარმაცი და სწავლაზე გულაცრუებული ბავშვი მინახავს, რომლებიც კლასიდან-კლასში წვალებითა და წელათრევით გადადიან, მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ ამ ბავშვებს მხოლოდ და მხოლოდ გეოგრაფიის მასწავლებლები არ ემდურებიან და ზოგიერთი მასწავლებელი ალბათ ვერც კი ხვდება, რომ მოსწავლის გეოგრაფიისადმი სიყვარული მარტოოდენ ფეხბურთის დამსახურებაა. თქვენ გგონიათ, ოროსანი ბიჭები გეოგრაფიის სახელმძღვანელოების კითხვით ისიებენ თვალებს? თქვენც არ მომიკვდეთ... ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ბავშვები ერკვევიან ფეხბურთის ავან-ჩავანში, კარგად იციან, ევროპის რომელ ქალაქში რომელი კლუბი თამაშობს და რაკი კაკას, რონალდუს და ლეო მესის თამაში ძალიან მოსწონთ, 1-2-ჯერ რუკასაც დახედეს, რომ ენახათ, სად იყო მათი კუმირების სამშობლო.

აგერ ახლა უამრავ ბავშვს ნახავდით და დღესაც ნახავთ, რომლებმაც სხვადასხვა საკლუბო ჩემპიონატის მატჩების განხილვისას კონკრეტული გუნდების არამხოლოდ ქვეყნის მდებარეობა და კონტინენტი იციან, არამედ ხშირად იმასაც კი გეტყვიან, ესა თუ ის ფეხბურთელი თავისი ქვეყნის პრეზიდენტს რატომ გაუნაწყენდა და რომელიმე გუნდის მწვრთნელის ეთნიკური წარმომავლობა რატომ არის მიუღებელი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის.

ვისაც ჰგონია რომ ეს უმიშვნელო ამბავია, მინდა გითხრათ, რომ ძალიან შემცდარა, რადგან თვალნათლივ იკვეთება იმ ადამიანების შეხედულების სიმცდარე, რომელთათვისაც ფეხბურთი მხოლოდ ტყუილად დაკარგული ტელესაეთერო დროა და “სულელური ფეხბურთების” ჩვენებას, “რამე კარგი ფილმის გაშვება” ურჩევნით.

0.1159