ფეხბურთი

12:03 | 20.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარკუს ტურამს მეტოქის შეფურთხებისთვის მკაცრი სასჯელი ემუქრება

„გლადბახის“ თავდამსხმელ მარკუს ტურამს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. გერმანული გუნდის ფრანგმა შემტევმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ჰოფენჰაიმის“ ფეხბურთელ სტეფან პოშს შეაფურთხა.

79-ე წუთზე ფეხბურთელები შეკამათდნენ და ტურამმა მოწინააღმდეგეს უხამსი საქციელით უპასუხა. ბუნებრივია, მსაჯმა ახალგაზრდა შემტევი სამართლიანად გააძევა. ახლა ინციდენტს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და დიდი შანსია, რომ მარკუსი მკაცრად დაისაჯოს.

„დღეს ისეთი რამ მოხდა, რაც ჩემს ხასიათში არ არის და აღარასდროს უნდა განმეორდეს. მოწინააღმდეგეს არასწორად ვუპასუხე, ეს შემთხვევით და უნებლიედ მოხდა. ბოდიშს ვუხდი ყველას, სტეფან პოშს, მეტოქეებს, თანაგუნდელებს, ჩემს ოჯახს და ყველას, ვინც ჩემი რეაქცია ნახა. ჩემი ჟესტის ყველა შედეგს მივიღებ“, - დაწერა ინსტაგრამში „გლადბახის“ თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, მარკუს ტურამი ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის, ლილიან ტურამის შვილი გახლავთ.

0.118215