ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა. 19 წლის ქართველისთვის შვებულება უკვე დაიწყო, თუმცა „რუბინს“ დღეს რუსეთის პრემიერლიგაში თამაში აქვს - გროზნოს „ახმატთან“.
საქმე ისაა, რომ ხვიჩამ წინა ტურში მეოთხე ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. ამიტომაც, „ახმატთან“ თამაშის უფლება არ აქვს და ვინაიდან, „რუბინმა“ საწვრთნელი პროცესი 2020 წელს უკვე დაასრულა, კლუბმა ის შვებულებაში ნაადრევად გაუშვა.
რუსეთის დატოვების შესახებ ინფორმაცია ჯორჯ დესპოტოვიჩმა გაავრცელა, რომელმაც ინსტაგრამში სთორი გამოაქვეყნა კვარაცხელიასთან ერთად. სერბი თავდამსხმელიც დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობს და ისიც შვებულებაში წავიდა.
რუსეთის პრემიერლიგაში დღეიდან ზამთრის პაუზა დაისადგურებს და სეზონი 27 თებერვალს განახლდება. ცხადია, მანამდე ყაზანელები მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან და კვარაცხელიასაც გუნდში დაბრუნება ნაახალწლევს მოუწევს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი. სხვათა შორის, ქართველმა შემტევმა ორიდან ერთი გოლი სწორედ "ახმატის" კარში გაიტანა.