ფეხბურთი

21:55 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"როტორის" ზედიზედ მეორე გამარჯვება და ჯოვინოს გადამწყვეტი გოლი (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ქართველების „როტორმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ვოლგოგრადელები შინ უშუალო კონკურენტ ტულას „არსენალს“ დაუხვდნენ და 81-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონის გოლით იმარჯვეს.

„დინამო ბათუმის“ ყოფილმა შემტევმა პენალტი გაიტანა, რომელიც თავად მოიპოვა და მატჩის გმირი გახდა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში თავი მესამედ გამოიჩინა.

ჯოვინოს მსგავსად შეუცვლელად ითამაშა სოლომონ კვირკველიამ, ხოლო რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი მინდორზე 63-ე წუთამდე იყო. ზურიკო დავითაშვილს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, ხოლო ბექა მიქელთაძე სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა.

„როტორმა“ ზედიზედ მეორე და სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდრ ხაცკევიჩის გუნდმა 14 ქულა დააგროვა, სწორედ „არსენალს“ დაეწია და ბოლო ადგილს თავი დააღწია. ახლა ვოლგოგრადელები პლეი-აუტის ზონაში არიან მე-13 პოზიციაზე. სამშვიდო ზონამდე კი „როტორს“ ჯერ 6 ქულა აშორებს. ვთქვათ ისიც, რომ რუსეთის პრემიერლიგაში ზამთრის პაუზა დაიწყო და "როტორი" მომდევნო მატჩს 27 თებერვალს, სტუმრად ბოლოადგილოსან „ტამბოვთან“ გამართავს.

0.133325