"ვესტ ბრომვიჩის" ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ სემ ელერდაისი გახდება. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ინგლისელმა სპეციალისტმა და კლუბის ხელმძღვანელობამ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.
წყაროს ინფორმაციით, სემი გუნდს წელიწადნახევრის განმავლობაში გაწვრთნის და თუ მიმდინარე სეზონში "ვესტ ბრომვიჩი" პრემიერლიგიდან გავარდება, მაშინ ელერდაისი კლუბს დატოვებს.
ელერდაისი აღნიშნულ თანამდებობაზე სლავენ ბილიჩს ჩაანაცვლებს, რომელიც კლუბმა ახლახან დაითხოვა. სემი ბოლოს "ევერტონს" 2018 წლის მაისამდე წვრთნიდა და საფეხბურთო საქმიანობაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა. აღნიშნული გუნდის გარდა ინგლისელი წლების განმავლობაში პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს ხელმძღვანელობდა და ასევე ინგლისის ეროვნულ ნაკრებსაც ედგა სათავეში მცირე ხნით.