ბლოგი

14:37 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაო, პაოლო!

ეს ბოლო ერთი თვე მართლაც რომ ურთულესი გამოდგა ფეხბურთის ქომაგებისთვის. ჯერ დიეგო მარადონას გარდაცვალებამ გვატკინა გული და ახლა კიდევ ერთი დიდი ლეგენდა - იტალიელი პაოლო როსი გადაბარგდა იმ ქვეყნად. ბევრს ჰგონია, რომ ფეხბურთის გულშემატაკივრები მხოლოდ მყვირალა, ნერვიული და გადარეული ხალხი ვართ. არადა, ჩვენს შორის რომ დარდი და ემოციაა - ასეთი უნდა. აბა როგორ გინდა არ განიცადო დიდი პაოლო როსის გარდაცვალება?

პაოლო როსის შესახებ მრავალი ჩემი თანატოლის მსგავსად, პირველად გურამ ფანჯიკიძის წიგნიდან - “ფორცა იტალია“ გავიგე. გავიგე, რომ იტალიის ნაკრების “სკუადრა აძურას“ მაშინდელმა მწვრთნელმა, ენზო ბეარზოტიმ არად ჩააგდო რეალობა, ნაკრებში ადგილი მისცა ციხიდან ახლადგამოსულ ვინმე როსის, რომელმაც აპენინელთა ლიდერობა იტვირთა და იტალიის ეროვნული გუნდის ისტორიაში მესამედ გაჩემპიონებაში ლომის წვლილი დაიდო.

შემდეგ, როდესაც იტალიის ნაკრები და იტალიური ფეხბურთი თავისი სრული სისავსით შევიყვარე, რობერტო ბაჯოს, მასაროს, ნესტას, მალდინის, დელ პიეროს, ტოტის, და სხვა დიდი ვარსკვლავების “ცოცხლად“ ხილვისას ნათლად დავინახე როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს “კატენაჩიოს“ მოტრფიალე იტალიისთვის გამორჩეულ ლიდერს და რა ფასი აქვს მთავარ ფიგურას, რომელსაც ბრძნულ თავებში ნახარში იტალიური ფაქტობრივად უნაკლო ტაქტიკის გაფერადოვნება ძალუძს. სწორედ ასეთი ადამიანები განაპირობებენ იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთელს მსოფლიოში დღემდე დიდ პოპულარობას.

ფეხბურთის ისტორიას ბევრი დიდი ვარსკვლავი ახსოვს. მათ შორის ცხადია იყვნენ პაოლო როსიზე ჩაუქნი, მაგრამ გუნდისთვის ასე გამოსადეგი, თავდადებული და ჭეშმარიტი წინამძღოლი, მაინც იშვიათად მოიძებნება. სწორედ როსის ხასიათის და ბუნების ამ მნიშნელოვან შტრიხს უსვამენ ხაზს მისი თანაგუნდელები და მეგობრები. პაულო კარიერის დასრულების შემდეგაც ისეთივე იყო - შემტევი, თავისი სიტყვის ბოლომდე გამტანი და დაუდგრომელი.

ესპანეთში გამართულ მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე მართლაც რომ ურთულეს ჯგუფში მოხვედრილი იტალიის ნაკრების შანსებს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა და სწორედ როსის ნიჭმა, ტალანტმა, ქარიზმამ და რაც მთავარია გატანილმა გოლებმა განაპირობა აპენინელთა ჯერ ჯგუფიდან გასვლა და შემდეგ კი უკვე დამსახურებული ჩემპიონობა. იმ ჩემპიონატიდან ცხადია უპირველესი იტალიისა და ბრაზილიის მატჩი იყო, სადაც პაოლომ სამი გოლი გაიტანა და ფაქტობრივად მარტომ გადაწყვიტა გამარჯვებულის და შესაბამისად ჩემპიონობის მაძიებლის ბედი.

შეგახსენებთ რომ ვსაუბრობთ 1982 წელზე. ეს ის “სკუადრა აძურა“ იყო, რომელსაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელი ჰქონდა, რომ მსოფლიოში უპირველესის სახელის დაგდება ბენიტო მუსოლინის პირდაპირი თუ ირიბი დახმარების გარეშეც შეეძლო და ამ მიზნის მისაღწევად 1934 წლის მუნდიალისგან განსხვავებით, არც ურუგვაელი ფეხბურთელებისთვის იტალიური პასპორტების დარიგება გამხდარა საჭირო.

ნახვამდის პაოლო. მადლობა დიდი და ნამდვილი ფეხბურთის თამაშისთვის! ჩაო!

0.116361