ისტორია

9:36 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

13 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1982 - ტრაგიკულად დაიღუპა თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი, საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო გოლის ავტორი ვიტალი დარასელია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1942 - საფრანგეთის თასის გათამაშებაში პარიზის “რესინგ კლუბ დე ლანსის” ფორვარდმა სტეფან სტანსმა (ზოგიერთი მონაცემით სტანიკოვსკიმ) “ობრი ასტურიეს” 16 გოლი გაუტანა. ოფიციალურ მატჩებში ეს ერთი მოთამაშის საუკეთესო შედეგიანობაა.

1953 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის გათამაშების მეორე წრის მატჩს, ყველაზე დიდი აუდიტორია (27 500 მაყურებელი) დაესწრო. “უიგან ატლეტიკმა” “ჰერეფორდ იუნაიტედს” 4:1 მოუგო.

1967 - აშშ-ში შეიქმნა ფეხბურთის (სოკერის) ეროვნული ლიგა (NASL).

1981 - დევისის თასის 70-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა არგენტინის ნაკრებს 3:1 მოუგო. მატჩი ცინცინატიში ჩატარდა.

1981 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე ბრაზილიურმა “ფლამენგომ” “ლივერპულს” 3:0 მოუგო. გოლები ადილიომ და ნუნიეშმა (2) გაიტანეს. მატჩი ტოკიოში ჩატარდა და მას 62 ათასი მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას მექსიკელი არბიტრი ვასკესი სჯიდა. “ფლამენგო”: რაული, ლეანდრო, მოზესი, ჟუნიორი, მარინიო, ანდრადე, ტიტა, ადილიო, ზიკო, ლისე, ნენიეში. “ლივერპული”: გრობელაარი, ნილი, ტომპსონი, ჰანსენი, ლაურენსონი, რ. კენედი, ლი, მაკდერმოტი (დ. ჯონსონი), სუნესი, კ. ჯონსონი, დალგლიში.

1982 - ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, იოან კრეიკმა სტივ დენტონი 6:3, 6:3, 6:2 დაამარცხა და გათამაშების რიგით 71-ე ჩემპიონი გახდა.

1983 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ყველაზე შედეგიანი თამაში ჩატარდა. “დეტროიტ პისტონზმა” დამატებით დროში, “დენვერ ნაგითსს” 186:184 მოუგო. თამაშს 9 655 მაყურებელი დაესწრო.

1987 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე, “პორტუმ” მონტევიდეოს “პენიაროლს” დამატებით დროში 2:1 მოუგო. გამარჯვებულთაგან გოლები გომეშმა და მაჯერმა, ურუგვაელთაგან კი ვიერამ გაიტანეს. მატჩი ტოკიოში ჩატარდა და მას 45 ათასი მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას ავსტრიელი არბიტრი, ვიორერი (მან 1981 წელს, როტერდამში თასების მფლობელთა თასის გათამაშების ნახევარფინალის განმეორებითი ასპარეზობა იმსაჯა, რომელშიც თბილისის “დინამო” და “ფეიენოორდი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს) მოემსახურა.

1989 - “დენვერ ნაგითსის” მოთამაშე უოლტერ დევისმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ 53-ე მატჩში, ყველა საჯარიმო ტყორცნა ზუსტად შეასრულა.

1991 - “სიეტლ სუპერსონიკსის” მოთამაშე რიკი პირსმა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ 75-ე მატჩში, ყველა საჯარიმო ტყორცნა ზუსტად შეასრულა.

1991 - დაარსდა უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია.

1992 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე ბრაზილიურმა “სან პაულომ” “ბარსელონას” 2:1 მოუგო. გამარჯვებულთაგან ორივე გოლი რაიმ გაიტანა, კატალონიელთა საპასუხო ბურთი კი სტოიჩკოვის ანგარიშზეა. მატჩი ტოკიოში ჩატარდა და მას 60 ათასი მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას არგენტინელი არბიტრი ხუან კარლოს ლუსტაუ სჯიდა. “სან პაულო”: ზეტი, ვიქტორი, ადილსონი, რონალდო, პინტადო, რონალდო ლუიში, მიულერი, ტონინიო სერეზო (დინიო), პალინია, რაი, კაფუ. “ბარსელონა”: სუბისარეტა, ფერერი, გვარდიოლა, რ. კუმანი, ეუსებიო, ბაკერო (გოიკოეჩეა), ამორი, სტოიჩკოვი, მ. ლაუდრუპი, რ. ვიჩგე, ბეგირისტაინი (ნადალი).

2005 - ამერიკელი სპრინტერი ტიმ მონტგომერი აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და მის მიერ 100 მეტრ გარბენაში ნაჩვენები შედეგი 9.79 წამი რეკორდთა ნუსხიდან ამოიღეს.

2008 - რაგბიში საქართველოს თასის ფინალში “ლელომ” “აკადემია” 28:9 დაამარცხა და საპატიო პრიზი მეოთხე ცდით შემართა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა.

2010 - ბარსელონას “ნოუ კამპზე” Qatar Foundation-სა და საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” შორის სასპონსორო კონტრაქტი გაფორმდა. “ბარსას” ფეხბურთელთა მაისურზე პირველად გაჩნდა სარეკლამო წარწერა.

ამ დღეს დაიბადნენ

1913 - არჩი მური (არჩიბალდ რაიტი). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე. რინგზე გადიოდა თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში. ქვემძიმე წონით კატეგორიაში 1952-61 წლებში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. მოგებული აქვს 185 ორთაბრძოლა (აქედან 145 ნოკაუტით, რაც ყველა წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის რეკორდული მაჩვენებელია), დამარცხდა 24 მატჩში და 9 პაექრობა ფრედ დაასრულა. არჩი მური 1985 წელს შეიყვანეს მოკრივეთა “დიდების დარბაზში”. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ გახდა მსახიობი. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში, მათ შორის გადაიღეს მარკ ტვენის “ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის” ერთ-ერთ ვერსიაში. არჩი მური 1998 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

1932 - ფერენც შიპოში. უნგრეთის ნაკრების და ბუდაპეშტის მტკ-ს ფეხბურთელი. ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. 1958, 1962 და 1966 წლების მუნდიალების მონაწილე. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 77 მატჩი. 1959 წელს დაასახელეს უნგრეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

1948 - ლილიან ბოარდი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი. 400 მეტრზე რბენაში 1968 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1953 - ზოლტან მადიარი. უნგრელი ცხენოსანი. 1976 და 1980 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1956 - ფილიპ გრეგორი ჰაბარდი. ამერიკელი კალათბურთელი. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1964 - 1964. დიტერ აილტსი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებისა და ბრემენის “ვერდერის” ფეხბურთელი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. წვრთნიდა გერმანიის 21 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებს.

1969 - სერგეი ფიოდოროვი. რუსეთის ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრებისა და ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “დეტროიტ რედ უინგზის” ფორვარდი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. “სტენლის თასის” მრავალგზის მფლობელი.

1970 - ტონია ბაფორდ-ბეილი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე თარბრჯენით რბენაში 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1973 - გარი ბრინი. ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “სანდერლენდის” წევრი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.

1974 - მატე სკელინი. ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებისა და ფრანგული “პო-ორტეზის” მეფარე (212 სმ). ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

1975 - მეტ ლეკრო. ამერიკელი ბეისბოლისტი. 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1977 - ადამ საიტიევი. რუსი მოჭიდავე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1999, 2001 და 2002 წლებში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. 1998 და 2000 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი.

1978 - კასპარს კამბალა. ლატვიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა მძიმე ფორვარდი-მეფარე (206 სმ). 2006 წელს აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ამხილეს და ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ამ ხნის განმავლობაში კამბალა როკი ბალბოას სახელით პროფესიულ რინგზე წარმატებით გამოდიოდა.

1984 - სანტი კასორლა. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების, “ვილიარეალის”, “მალაგას”, “არსენალის” ვინგერი. ევროპის 2008 და 2012 წლების ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 61 მატჩი გაიტანა 11 გოლი. 2004 წელს მოიპოვა ინტერტოტოს თასი. ჟურნალ “დონ ბალონის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დაასახელეს 2007 წლის ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1982 - ტრაგიკულად დაიღუპა თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი, საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო გოლის ავტორი ვიტალი დარასელია.

1977 - ევანსვილის უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრების 14 მოთამაშე ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

1990 - ალის მარბლი. ჩოგბურთელთა შორის, ქალთა აშშ-ის ღია პირველობების მრავალგზის ჩემპიონი. გარდაიცვალა 77 წლის ასაკში.

0.115863