ფეხბურთი

16:59 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო როსი უკანასკნელ გზაზე თანაგუნდელმა მსოფლიოს ჩემპიონებმა გააცილეს (+VIDEO)

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო როსი დღეს ვიჩენცაში დაკრძალეს, სადაც მან სამი სეზონი ადგილობრივი გუნდის „ლანეროსი ვიჩენცას“ ღირსება დაიცვა (1976-1979).

პაოლო როსი უკანასკნელ გზაზე იტალიის ნაკრებიდან და „იუვენტუსიდან“ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა გააცილეს. მათ შორის იყვნენ 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონები მარკო ტარდელი, ჯანკარლო ანტონიონი, ანტონიო კაბრინი, კლაუდიო ჯენტილე, ფრანკო ბარეზი, ჯუზეპე ბერგომი, ფულვიო კოლოვატი და ბრუნო კონტი. დაკრძალვაზე იტალიური ფეხბურთის სხვა ლეგენდებიც იმყოფებოდნენ, სტეფანო ტაკონი, რობერტო ბაჯო, რობერტო ბეტეგა, პაოლო მალდინი, დანიელე მასარო და სხვები.

შეგახსენებთ, პაოლო როსი 1982 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელია. იმავე წელს ის იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო თვითონ ესპანეთში მუნდიალზე საუკეთესო ბომბარდირისა (6 გოლი) და ფეხბურთელის პრიზიც მოიგო.

როსიმ „სკუადრა აძურაში“ 1977-1986 წლებში ითამაშა და 48 მატჩში 20 გოლი გაიტანა. აქედან 9 გოლი უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიითვალა (3 გოლი 1978-ში და 6 გოლი 1982-ში). იტალიელ ფეხბურთელებში 9 გოლზე მეტი მუნდიალზე არავის გაუტანია, იგივე შედეგი რობერტო ბაჯოსა და კრისტიან ვიერის აქვთ. პაოლო როსი უნიკალურია იმ კუთხითაც, რომ სერია A-ს, სერია B-ს, ჩემპიონთა თასისა და მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო აქვს მოგებული.

როსის საკლუბო დონეზეც წარმატებული კარიერა ჰქონდა და „იუვენტუსთან“ ერთად პრაქტიკულად ყველა ტიტული მოიგო. მათ შორის, ორჯერ სკუდეტო, თითოჯერ იტალიის თასი, ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი და თასების თასი. სხვა და სხვა წლებში „კომოს“, „ვიჩენცას“, „პერუჯასა“ და „მილანის“ შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო კარიერა „ვერონაში“ დაასრულა.

თეგებიპაოლო როსი
0.122304