კალათბურთი

13:28 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა კონფერენცია ახალი რეკორდით და მოგებით გახსნა (+VIDEO)

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ფორვარდმა Big East-ის კონფერენცია 32 ქულით და დიდებული თამაშით გახსნა. ჩვენებურის “სეტონ ჰოლი” კონფერენციის ჩემპიონატის პირველ ტურში “სენტ ჯონს დევილსს” დაუპირისპირდა და მეტოქეს სანდროს უპირობო ლიდერობით 77:68 (სტატისტიკა) მოუგო.

აღნიშნულ შეხვედრაში, მამუკელაშვილმა 7 დეკემბერს “პენსილვანიასთან” ოვერტაიმში დამყარებული პირადი რეკორდი, რომელიც 30 ქულა იყო, 2 ქულით გააუმჯობესა. თან სანდრომ ეს ოფიციალურ, საკონფერენციო შეხვედრაში მოახერხა. მისი გუნდის მიერ მოგროვებული 77 ქულიდან 32 მის ანგარიშზე იყო, რაც NCAA-ის 40-წუთიანი მატჩების კვალობაზე უდიდესი მიღწევაა.

მამუკელაშვილმა მოედანზე ყოფნის 39 წუთში 13-დან 9 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 32 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა მატჩში უმეტესი 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მის შემდეგ “სეტონ ჰოლში” 14 ქულით ტაკალ მოლსონი და 10-ქულიანი მაილს გეილი გამოირჩნენ.

მამუკელაშვილი ამერიკელი სპეციალისტებისა და სკაუტების, შესაბამისად – ნბა-ს გუნდების რადარზეა. სანდრო სეზონის დაწყებამდე დასახელდა 20 საუკეთესო ფორვარდს შორის, რომელთაგან გაზაფხულზე კარლ მელოუნის პრიზის მფლობელი, ანუ NCAA-ის საუკეთესო თავდამსხმელი უნდა გამოვლინდეს. მამუკელაშვილი გაცემულ ავანსებს ამართლებს და ის ფაქტობრივად შეუჩერებელია. 30-ქულიანი მატჩის შემდეგ მან მოკრძალებული მატჩი ჩაატარა “ვაგნერთან”. მოედანზე ყოფნის 19 წუთის შემდეგ ის თამაშიდან მეტოქესთან წაკინკლავების გამო გააგდეს. აღნიშნულ დროში ქართველმა ფორვარდმა 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. დღეს კი “სენტ ჯონსთან” მატჩში ის შეუჩერებელი იყო და 39 წუთში 32 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ Big East-ის კონფერენციის პირველი ტურის შეხვედრა. NCAA-ის 32 კონფერენციიდან Big East-ის 11-გუნდიანი კონფერენცია ერთ-ერთი უძლიერესია, რომელშიც “სეტონ ჰოლთან” ერთად სახელგანთქმული “ვილანოვა” და სხვა, სპორტული პროგრამით გამორჩეული უნივერსიტეტების გუნდები – ქსავიერი, ჯორჯთაუნი, მარკეტი, პროვიდენსი, ბატლერი თამაშობენ. ამ სეზონში კონფერენციას დაემატა კონეკტიკუტის უნივერსიტეტის გუნდი და Big East-ი 11 წარმომადგენლამდე შეივსო. ანუ რეგულარული ჩემპიონატი თითოეული გუნდისთვის 20 მატჩს მოიცავს: ყველა გუნდი ერთმანეთს 2-2 ჯერ, შინ და სტუმრად შეხვდება, რის შემდეგაც 8 საუკეთესო პლეი ოფში გადაინაცვლებს და კონფერენციის ჩემპიონს გამოავლენს.

სანდრო მამუკელაშვილს სენტ ჯონსის 3 მოთამაშე მეურვეობს

კონფერენციების ჩემპიონების გამოვლენა ამერიკის სტუდენტური ლიგის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა 32-ივე ჩემპიონი რომ გამოვლინდება, მერე იწყება ეგრედწოდებული “მარტის სიგიჟე”, რაც რეალურად NCAA-ის აბსოლუტური ჩემპიონის გამოსავლენ ტურნირს წარმოადგენს. აღნიშნულ ტურნირში ავტომატურად მონაწილეობს 32-ივე კონფერენციის გამარჯვებული, რომლებსაც ერთი ამდენი ემატება და “მარტის სიგიჟეში” მონაწილე 64 უნივერსიტეტი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ერთმატჩიანი სერიებით, 1/32 ფინალიდან იწყებს.

რა პრინციპით შეირჩევა ის 32 არაჩემპიონი გუნდი, რომლებიც “მარტის სიგიჟედ” წოდებულ NCAA-ის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, როცა ამერიკის სტუდენტური ლიგის მიმდინარე სეზონში 484 უნივერსიტეტის გუნდი ასპარეზობს? არსებობს რეიტინგები, რომლებიც ყოველი კვირის ბოლოს დგება და რომლებშიც NCAA-ისთან ახლოს მდგომი ადამიანები – მწვრთნელები, ჟურნალისტები, სპეციალისტები ადგენენ. აღნიშნულ სფეროთა წინასწარ მკაცრად განსაზღვრული რაოდენობის წარმომადგენელი ყოველი კვირის ბოლოს საუკეთესო გუნდების საკუთარ კლასიფიკაციას წარმოადგენს, რომელთა საფუძველზეც გუნდები მინიჭებული ადგილების მიხედვით ხმებს აგროვებენ და დგება ოფიციალური რეიტინგი. არსებობს 3 ძირითადი რეიტინგი: მწვრთნელების, AP (ასოშიეითედ პრესი) და ლიგის ოფიციალური რეიტინგი. ეს უკანასკნელი შედეგების მათემატიკურ დაიანგარიშებას ეფუძნება, სადაც თითოეულ მოგებას, მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე, სხვადასხვა ღირებულება აქვს. შესაძლოა გუნდი დაუმარცხებელი იყოს, მაგრამ რეიტინგში მოწინავეთა შორის ვერ მოხვდეს და მას თუნდაც 5 წაგების მქონე მძლავრი კონფერენციის წარმომადგენელმა გადაასწროს.

მიმდინარე რეიტინგის საუკეთესო 25 გუნდში Big East-ის კონფერენციიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 2 გუნდია: კრეიტონი მე-8 და ვილანოვა მე-9 და ეს პოზიციები კონფერენციის ცხრილში წინ აქვთ მიწერილი.

აქვე გეტყვით, რომ მამუკელაშვილის გუნდს შემდეგ მატჩი 15 დეკემბერს, “ქსავიერთან” ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც პანდემიური მიზეზების გამო გადაიდო და მისი ჩატარების თარიღი მოგვიანებით გაირკვევა. 18 დეკემბერს კი “სეტონ ჰოლი” სტუმრად “მარკეტს” დაუპირისპირდება.

0.119758