სხვა

14:18 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუა პულევთან ბოლო გონგამდე ბრძოლისთვის მზადაა

შაბათს მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი WBA, IBF და WBO ვერსიებით, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა, თავისი ტიტულების დასაცავად, ბულგარელ კუბრატ პულევს დაუპირისპირდება. ბრძოლა უემბლიზე, 1000 მაყურებლის წინაშე გაიმართება.

ბრძოლა ივნისში იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ამავე მიზეზით, მაყურებლის უსაფრთხოებისთვის, ტრიბუნაზე მხოლოდ 1000 ადგილი გამოიყო.

ჯოშუა ამბობს, რომ 15 რაუნდისთვის არის მზად და 12 რაუნდი მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. საერთოდ, კუბლევს 28-დან მხოლოდ 1 ბრძოლა აქვს ნოკაუტით მოგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გამძლე მოკრივეა. მისგან განსხვავებით, ჯოშუას ანგარიშზე 21 ნოკაუტია.

„ბოლო გონგამდე ბრძოლისთვის ვარ მომზადებული. მე 15 რაუნდის მებრძოლი ვარ და არა 12-ის. მე ჩემს გამძლეობას, საკრივო საზრიანობას, ყურადღებას და ძალას ბოლო გონგამდე გამოვიყენებ. რა თქმა უნდა, მომხვდება, მასაც მოხვდება. მაგრამ ბოლოს ფეხზე მე დავრჩები“, - ამბობს 31 წლის ჩემპიონი.

პულევი 39 წლისაა. მას ჯოშუასთან შეხვედრის შანსი 2017 წელსაც ჰქონდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ეს შანსი ვერ გამოიყენა. ახლა კი ამბობს, რომ სრულ მზადყოფნაშია და ბრძოლის მოგებას აპირებს.

„ამ მომენტს დიდხანს ველოდი. ვიცოდი, რომ ეს ბრძოლა შედგებოდა. ახლა კარგად ვარ. რა ტქმა უნდა, 22 წლის არ ვარ, მაგრამ ეს მთავარი არაა. ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ ჩემპიონი გავხდე“, - ამბობს პულევი.

ორივეს პროფესიონალურ კარიერაში თითო წაგება აქვს. ჯოშუამ ენდი რუისთან ნიუ იორკის მედისონ სკვერ გარდნეში, 2019 წლის ივნისში წააგო. თუმცა იმავე წლის ბოლის, საუდის არაბეთში გამართული ბრძოლა მასვე მოუგო და ტიტულები დაიბრუნა. ბრიტანელი ამბობს, რომ იმ წაგებამ უფრო ძლიერ მოკრივედ გარდაქმნა.

პულევმა თავისი ერთადერთი მარცხი, თანაც ნოკაუტით, 2014 წელს, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოსგან იგემა.

აწონვის და ოფიციალური პრესკონფერენციის დროს, მეტოქეებმა ხისტი გამოთქმებით შეამკეს ერთმანეთი და ორჯერ საჩხუბრადაც გაიწიეს. და რომ არა დაცვის თანამშრომლები, იქვე სახელდახელო ბრძოლას გამართავდნენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ჯოშუა 10 მილიონ სტერლინგს მიიღებს, პულევის ანაზღაურება კი უფრო მოკრძალებული - 3 მილიონი სტერლინგი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123523