იტალიური „მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იქამდე ითამაშებს, სანამ სხეული ამის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. ლეგენდარულმა შვედმა „მილანის“ შესანიშნავ შედეგებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ჯერ არაფერი მოუგიათ.
„იქამდე ვითამაშებ, სანამ შევძლებ იმის გაკეთებას, რასაც ახლა ვაკეთებ. ჩემი საქმეა მხოლოდ კარგი ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნება, დანარჩენი კი თავისთავად მოვა.
ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ, წარმოუდგენელ ფორმაში ვართ, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. ეს კარგად უნდა გავითავისოთ. როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, სკუდეტოსთვის ვიბრძოდით, ახლა კი დავბრუნდი კლუბის მაღალ დონეზე დასაბრუნებლად, სადაც იმსახურებს. ეს ყველა განსხვავებული გამოწვევაა, მაგრამ მომწონს. როდესაც სხვები საუბრობენ შეუძლებელ მისიაზე, თამაშში მე ვერთვები. ეს არის ის, რაც მაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ვარ.
მე აღარ ვარ 5 ან 10 წლის წინანდელი მოთამაშე. ჩვენ ყველანი ვიცვლებით ფიზიკური თვალსაზრისით. გულწრფელი ვარ და აღარ დავბრივარ ბევრს, როგორც ადრე, ახლა ჭკვიანი სტილში ვთამაშობ. სერია A ფორვარდისთვის ყველაზე რთული ტურნირია, ფილოსოფია, რომელიც აქ ყველაზე პოპულარულია, გოლის არგაშვებაა. ვგრძნობ, რომ აქ რამდენიმე თაობა გამოვიცვალე. მე ვთამაშობდი პაოლო მალდინისთან, ახლა ვთამაშობ მის ვაჟთან, დანიელთან. სასწაული იქნებოდა, თუ დანიელის შვილთანაც მოვახერხებდი თამაშს. კორონავირუსი? უფრო რთული გამოწვევა მენტალურად იყო, ვიდრე ფიზიკურად“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე სეზონში სერია A-ში 10 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია. მას „მილანთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.