ფეხბურთი

23:23 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "პანიკას არ უნდა ავყვეთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა კატასტროფა არაა და გუნდმა მუშაობა უნდა გააგრძელოს.

"წითელმა ეშმაკებმა" ლიგის მეექვსე ტურში "ლაიპციგთან" სტუმრად 2:3 წააგო და ამ მარცხის შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ინგლისური გუნდი ახლა ძალებს ევროპა ლიგის პლეი ოფში მოსინჯავს და იქ შეეცდება გამარჯვებას. "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მხარს უჭერს ნორვეგიელი სპეციალისტის მუშაობას და ჯერჯერობით მის გაშვებაზე საუბარი არაა.

"მნიშვნელოვანია, რომ პანიკას არ ავყვეთ ხოლმე, რადგან ფეხბურთში ყველა თამაშს ვერასდროს მოიგებ. ზოგიერთი წაგებული თამაში უფრო გულდასაწყვეტია და ზოგიერთ წაგებას უფრო მეტი დატვირთვა აქვს. ჩვენ წყნარად უნდა შევხვდეთ ამ შედეგს და რეალობა ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგას მიმდინარე სეზონში საბოლოოდ ჩამოვშორდით. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და ამ ტურნირზე დავბრუნდეთ." - ციტირებს სულშერის სიტყვებს BBC.

ანტონი მარსიალი გუნდის შემადგენლობას დაუბრუნდა მას შემდეგ რაც გერმანიაში მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვა. ასევე, ედინსონ კავანის თამაში "მანჩესტერ სიტისთან" სათუოა. სულშერმა პრესკონფერენციაზე ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა დავიდ დე ხეას, რომელიც კლუბის ყოფილმა მოთამაშემ პოლ სქოულზმა "ლაიპციგთან" მატჩის შემდეგ გააკრიტიკა. ნორვეგიელმა პოლ პოგბასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას თავი აარიდა. ფრანგის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურს.

"ჩემს ფეხბურთელებს ყოველდღიურად ვესაუბრები და პოლ პოგბა გამონაკლისი არაა. ნებისმიერი ფეხბურთელის აგენტის კომენტარები ჩემზე გავლენას არ ახდენს. მე ჩემი კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც მინდოდა მეთქვა, უკვე გავაკეთე." - აღნიშნა სულშერმა პოგბასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შაბათს გასამართი შეხვედრა კლუბების სეზონზე გავლენას ვერ მოახდენს და ჯერჯერობით გადამწყვეტი თამაში არცერთი გუნდისთვისაა.

"ეს გასავარდნი თამაში არაა, ესაა სამი ქულისთვის სათამაშო შეხვედრა. ესაა მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ასევე ჩვენი მოწინააღმდეგესთვის, მაგრამ წინ ბევრი მატჩი გველოდება და შევეცდებით გავიმარჯვოთ." - ციტირებს BBC გვარდიოლას სიტყვებს.

ესპანელმა სულშერს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ სიტუაციაში "მანჩესტერ იუნაიტედი" არაა.

"სულშერს მხარდაჭერას არ გამოვუცხადებ, რადგან იგი საკმარისად ძლიერია და იცის როგორ იმუშაოს. როდესაც ვიგებთ ხალხს მწვრთნელები გენიოსები გონიათ, როდესაც ვაგებთ, მაშინ ჩვენი დათხოვნა უნდათ. ეს მოხდა "იუნაიტედშიც" და ეს ხდება მსოფლიოში, ეს რეალობაა." - დაამატა პეპმა.

ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" არ შეუძლია პრემიერლიგაში კარგად იასპარეზოს, საწყისი თამაშებიდან გამომდინარე, მაგრამ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ნორვეგიელი სპეციალისტი.

"ვგრძნობ, რომ უფრო და უფრო კარგად გამოვიყურებით და როგორი გუნდიც მინდა ისეთს ემსგავსება "იუნაიტედი". ჩვენ გვყავს სწრაფი, დინამოური თავდამსხმელები და კარგი, ინდივიდუალურად მოთამაშე ფეხბურთელები. ყველა ამბობს, რომ სტაბილურობა გვაკლია, მაგრამ ჩვენ პრემიერლიგაში ბოლო ოთხი მატჩი მოვიგეთ, ასე რომ ვიმედოვნებ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას." - აღნიშნა სულშერმა.

"მანჩესტერ იუნაიტედის' და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება 12 დეკემბერს, "ოლდ ტრაფორდზე" თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112503