ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ აწ გარდაცვლილ პაოლო როსიზე ისაუბრა, რომელიც ორი დღის წინ 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. პლატინის განცხადებით, როსი პეპელასავით დაფრინავდა მოედანზე და ძალიან სწრაფი იყო.
„პაოლო პეპელა იყო, ის მსუბუქად დაფრინავდა მგლებსა და ზვიგენებს შორის, აღარ ჰქონდა მენისკები და მაინც სწრაფი იყო. არასდროს მსმენია მისი მხრიდან თანაგუნდელებისა და მეტოქეების საყვედური, მიუხედავად იმისა, რომ მის შესაჩერებლად უხეშ გზებს მიმართავდნენ. ის სხარტი აზროვნების იყო და ძალიან სწრაფი ინტუიცია ჰქონდა, მეტოქის საჯარიმოში ელვისებურად კითხულობდა კრიტიკულ სიტუაციებს. გაეტანოს (შირეა - რედ) შემდეგ კიდევ ერთი მეგობარი დავკარგე ტურინის იმ მშვენიერი წლებიდან“, - თქვა პლატინიმ.
შეგახსენებთ, რომ მიშელ პლატინი და პაოლო როსი „იუვენტუსში“ თანაგუნდელები 1981-1985 წლებში იყვნენ და ერთად ორჯერ სკუდეტო, თითოჯერ ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი, თასების თასი და იტალიის თასი მოიგეს.