ბერგამოს „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია -ზედიზედ მეორედ. პატარა იტალიური გუნდი აგრძელებს ევროპაში ჩინებულ გამოსვლას და ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში სულ მეორედ თამაშობს, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ჯან პიერო გასპერინის გუნდს ბოლო ტურში ამსტერდამში, „აიაქსთან“ ქულაც ხელს აძლევდა, მაგრამ მოიგო. უნდა აღინიშნოს, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა საკმაოდ სუსტი თამაში აჩვენა და მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლად უნდა მოეგო, მეტოქის დაცვის შეწუხება პრაქტიკულად ვერ შეძლო. ბერგამოელებმა კი თავისი შანსი გამოიყენეს დამსახურებულად მოიგეს. 85-ე წუთზე ლუის მურიელმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
პარალელურად, „ლივერპული“ დანიაში მოჰამედ სალაჰის სწრაფი გოლით იგებდა, მაგრამ „მიდტიულანდმა“ მისთვის საპატიო და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა - 1:1. „ლივერპული“ მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა, „ატალანტა“ მეორეა. რაც შეეხება „აიაქსს“, ნიდერლანდური გრანდი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
D ჯგუფი
„აიაქსი“ – „ატალანტა“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 მურიელი (85)
„მიდტიულანდი“ – „ლივერპული“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 სალჰი (1), 1:1 შოლცი (62, პენ)
H ჯგუფი
დღესვე განახლდა „პარი სენ ჟერმენისა“ და „ბაშაკშეჰირის“ მატჩი, რომელიც გუშინ შეწყდა, რისი მიზეზიც მეოთხე მსაჯის რასისტული სიტყვა გახდა. თამაში მე-14 წუთიდან განახლდა. და ფრანგებმა ძალიან ადვილად მოიგეს. თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში მუხლი მოიყარეს და მარჯვენა ხელი ცისკენ აღმართეს - ეს იყო გუშინდელი ინციდენტის პასუხი - არა რასიზმს.
პსჟ-ს პლეი-ოფის საგზური განაღდებული ჰქონდა, მაგრამ პირველ ადგილზე გასასვლელად მოგება სჭირდებოდა. ნეიმარმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, კილიან მბაპემ დუბლი და პარიზულმა გუნდმა 5:1 მოიგო. H ჯგუფში პსჟ პირველია, „ლაიფციგი“ მეორე, „მანჩესტერი“ კი ევროპა ლიგის მოსაგებად იბრძოლებს.
„პსჟ“ – „ბაშაკშეჰირი“ 5:1(3:0)
გოლები: 1:0 ნეიმარი (21), 2:0 ნეიმარი (38), 3:0 მბაპე (42, პენ), 4:0 ნეიმარი (50), 4:1 მეჰმეთ ტოპალი (57), 5:1 მბაპე (62)