„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბარსელონასთან“ (3:0) თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ მეტოქის ნახევარდაცვა შესწავლილი ჰყავდათ. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ასეთი ძლიერი სტიმულის არსებობის შემთხვევაში, რაც მის გუნდს ჰქონდა, ყველაფერი მარტივდება.
„ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ჩვენი გზისთვის. როდესაც ამ კონცენტრაციით და მონდომებით თამაშობ, დადებითი შედეგის მიღება შესაძლებელია. ჩვენ თამაში მომზადებული გვქონდა. გვინდოდა მოედნის ცენტრში რიცხობრივი უპირატესობა დაგვემყარებინა და მეტოქის ორ ნახევარმცველზე სამი ნახევარმცველი გვყოლოდა.
ყველას გვინდოდა, უფრო მეტად კი რონალდუს, რომ თავისი მარადიული მეტოქის წინააღმდეგ შესანიშნავად ეთამაშა. როდესაც ასეთი სტიმული გაქვს, ყველაფერი უფრო მარტივია. თუმცა, ადვილი არაა მუდმივად ასე თამაში, მაგრამ მსგავს მატჩებში სტიმულს ყოველთვის პოულობ. ახლა მთავარია, რომ სერია A-შიც მსგავსი კონცენტრაციით ვითამაშოთ“, - თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ვესტონ მაკკენიმ გაიტანა. „იუვენტუსი“ 15 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და „ბარსელონას“ ურთიერთშეხვედრებში აჯობა.