ჩოგბურთი

3:10 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სოფია კენინი WTA-ს წლის საუკეთესო ჩოგბურთელად დასახელდა

ამერიკელი სოფია კენინი, ვინც გასულ სეზონში, თავის კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა, ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) წლის საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელა.

ტიტულის გზაზე, კენინმა ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი დაამარცხა, ფინალში კი დიდი სლემის ორი ტიტულის მფლობელს, ესპანელ გარბინე მუგურუსას აჯობა. გარდა ამისა, კენინმა საფრანგეთის ღიას ფინალს მიაღწია და სეზონი რეიტინგის მეოთხე საფეხურზე დაასრულა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

22 წლის კენინი მერვე ამერიკელი ჩოგბურთელია, ვინც WTA-ს წლის ჩოგბურთელის ტიტული დაიმსახურა. მანამდე ეს სერენა უილიამსმა, მარტინა ნავრატილოვამ, ლინდსი დავენპორტმა, ტრეისი ოსტინმა, კრის ევერტმა, ვენუს უილიამსმ და ჯენიფერ კაპრიატიმ შეძლეს.

პოლონელი იგა სვიატეკი, ვინც კენინს როლან გაროსის ფინალში მოუგო, WTA-ს ყველაზე გაუმჯობესებულ ჩოგბურთელად დასახელდა. ბელარუს ვიქტორია აზარენკას წლის ყველაზე გამორჩეული დაბრუნების აღიარება ხვდა - ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, მან პირველი ტიტული ცინცინატის ტურნირზე მოიპოვა, ორი კვირის შემდეგ კი აშშ-ის ღია პირველობის ფინალს მიაღწია. მისთვის ეს დიდი სლემის ტურნირების მეხუთე ფინალი იყო.

0.119185