თქმა არ უნდა, სახირის დიდ პრიზზე სერხიო პერესის გამარჯვება, დიდწილად პიტ სტოპზე „მერსედესის“ დაბნეულმა მოქმედებამ განაპირობა, მაგრამ ვის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ მექსიკელი ამ გამარჯვებას არ იმსახურებდა? მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ პირველ წრეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პერესს ბოქსში შესვლამ მოუწია, საიდანაც პელოტონს კუდში დაუბრუნდა.
პერესს ამ სეზონის ბოლოს „რეისინგ პოინტთან“, რომელიც მომავალი სეზონიდან „ასტონ მარტინის“ სახელით იასპარეზებს, კონტრაქტი უმთავრდება. მის ადგილზე გუნდმა უკვე მიიწვია სებასტიან ფეტელი. ლანს სტროლს კი ხელს ვინ ახლებდა - „რეისინგ პოინტიც“ და კომპანია „ასტონ და მარტინიც“ ხომ მამამისს, ლორენს სტროლს ეკუთვნის. მოკლედ, არის იმის შანსი, რომ პერესი მომავალ სეზნში პელოტონში ვერ ვიხილოთ. ერთადრთი შანსი ის იქნება, თუ „რედ ბული“ ალექს ალბონს არ დაიტოვებს და მის ადგილზე მექსიკელს მიიწვევს. მაგრამ სანამ ეს გადაწყდება პერესმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ფ1-ში დარჩენას იმსახურებს.
სახირის დიდი პრიზი ამერიკულ გორაკებს მოგაგონებდათ. ჯერ იყო და, პირველ მოსახვევებში გზა ვერ გაიყვეს პერესმა და შარლ ლეკლერმა. მათ შეხლა-შემოხლას მონაკოელის გარდა, მაქს ფერსტაპენის რბოლაც „ემსხვერპლა“. თან ჰოლანდიელის ავარია ერთგვარი მისტიკა იყო - ამ ორს რომ მანქანა მოარიდა, დაბალი სიჩქარის მიუხედავად, ვერც მანქანის სრულად გაჩერება მოახერხა და ვერც საკმარისად მოუხვია იისთვის, ზღუდეს არ დაჯახებოდა. არადა თითქოს, ეს არ უნდა გასჭირვებოდა... ხდება ხოლმე...
„მერსედესს“ თითქოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონის არყოფნისას, ჯადო დაედო და ისეთი შეცდომა დაუშვა, მთელ სეზონში არ არ მოსვლია. ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის ყოფნისას, ორივე პილოტს ერთად უხმო პიტ სტოპზე. თან ჯორჯ რასელს ვალტერი ბოტასისთვის განკუთვნილი წინა ბორბლები დაუყენეს. ეგეც თუ არაფერი, უფრო მეტი მალევე მოხდა - ბოტასს წინა მარცხენა ბორბალი ვაი-ვაგლახით მოხსნეს და როცა ნახეს, რომ შესაცვლელი არაფერი ჰქონდათ, ისევ ძველი დაუყენეს. თან მექანიკოსებმა ეს ბორბალიც შიშით დააყენეს - გადახურებულ მუხრუჭს ცეცხლი ეკიდა...
მალე რასელს ისევ დაუძახეს ბოქსში, რათა მისი ბორბლები დაეყენებინათ. ტრასაზე დაბრუნებულმა ბრიტანელმა რამდენიმე მეტოქე (მათ შორის ბოტასიც) ჩამოიტოვა და მალე პერესსაც ჩაუდგა კვალში, მაგრამ ამ დროს ბედმა უმტყუნა - რადიოთი შეიტყო, რომ უკანა მარცხენა ბორბალი ეშვებოდა. ტრასაზე დაბრუნბული რასელი პელოტონის კუდში აღმოჩნდა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ათეულამდე ამოსვლა შეძლო, მაგრამ უფრო მეტისთვის დრო და მანძილი აღარ ეყო. საერთო ჯამში, „მერსედსში“ ტავის დებიუტი დიდებული რბოლით აღნიშნა, მერე რა, რომ არ გაუმართლა.
საბოლოოდ, პერესმა უახლოეს მდევარ ესტებან ოკონს ფინიშთან 10.5 წამით მიასწრო და თავისი პირველი გამარჯვება 190-ე რბოლაში მოიპოვა. მესამე ადგილი მისმა თანაგუნდელმა სტროლმა დაიკავა.
„სიტყვები არ მყოფნის, იმედი მაქვს, ეს სიზმარი არაა. ათი წელი ამაზე ვოცნებობდი. არ ვიცი, რა ვთქვა. პირველი წრის შემდგ, რბოლა დასრულებული ჩანდა. მაგრამ უბრალოდ, არ დავნებდი“, - ყვება პერესი, ვინც მრბოლთა კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილზე გადავიდა და დიდი ალბათობით, ჩემპიონატს ამავე ადგილზე დაასრულებს. 1970 წლის ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ, ის ფ1-ის პირველი მექსიკელი გამარჯვებულია. 50 წლის წინათ, სპაზე გამარჯვება პედრო როდრიგესმა მოიპოვა. დაკიდევ, სილვერსტოუნზე ბაზირებული „რეისინგ პოინტისთვის“ ეს პირველი გამრჯვებაა მას შემდეგ, რაც „ჯორდანმა“ (წინამორბედმა) ბრაზილიის 2003 წლის დიდი პრიზი მოიგო.
30 წლის პერესი მეორე პილოტია, ვინც ამ სეზონში, კარიერაში პირველ გამარჯვებას მიაღწია. პირველმა ეს ფრანგმა პიერ გასლიმ (ალფატაური), იტალიის დიდ პრიზზე შეძლო.
სახირის დიდი პრიზი
სახირი, დისტანცია 305.995 კმ (3.543 კმ, 87 წრე)
- სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:31:15.114
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 10.518
- ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 11.869
- კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 12.580
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 13.330
- ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 13.842
- დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 14.534
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 15.389
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 18.556
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 19.541
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 20.527
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 22.611
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 24.111
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 26.153
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 32.370
- ჯეკ აიტკენი (ბრიტანეთი, უილიამსი) 33.674
- პიეტრო ფიტიპალდი (ბრაზილია, ჰაასი) 36.858
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 35 წრე
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 87 წრე
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 87 წრე
უსწრაფესი წრე: ჯორჯ რასელი - 0:55.404 (მე-80 წრე, 230.214 კმ/სთ)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) - 332 ქულა (ჩემპიონი); 2. ვალტერი ბოტასი - 205; 3. მაქს ფერსტაპენი - 189; 4. სერხიო პერესი - 125; 5. დანიელ რიკარდო - 112; 6. შარლ ლეკლერი - 98; 7. კარლოს საინსი - 97; 8. ალექს ალბონი - 93; 9. ლანდო ნორისი - 87; 10. ლანს სტროლი - 74; 11. პიერ გასლი - 71; 12. ესტებან ოკონი - 60; 13. სებასტიან ფეტელი - 33; 14. დანიილ კვიატი - 32; 15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) - 10; 16-17. კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი - 4; 18. ჯორჯ რასელი - 3; 19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) - 2; 20. კევინ მაგნუსენი - 1; 21-23. ნიკოლას ლატიფი, ჯეკ აიტკენი და პიეტრო ფიტიპალდი - 0.
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. მერსედესი - 540 ქულა (ჩემპიონი); 2. რედ ბულ-ჰონდა - 282; 3. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 194; 4. მაკლარენ-რენო - 184; 5. რენო - 172; 6. ფერარი - 131; 7. ალფატაური-ჰონდა - 103; 8. ალფა რომეო-ფერარი - 8; 9. ჰაას-ფერარი - 3; 10. უილიამს-მერსედესი - 0.