ფეხბურთი

2:52 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

წვალებით მოგებული დერბი და პირლოს მიღწევა დებიუტანტის როლში

იტალიის სერია A-ს მეათე ტურმა სტარტი სამი მატჩით აიღო და მთავარი დუელი ტურინში შედგა, სადაც დერბი „დელა მოლე“ გაიმართა.

„იუვენტუსი“ ფორმაში რომ არ არის და ანდრეა პირლოს გუნდი ჯერჯერობით შესაძლებლობებს რომ ვერ აჩვენებს, აქამდეც ვიცოდით, მაგრამ „ტორინოსთან“ თამაშმა კითხვების რაოდენობა გაზარდა. ზოგადად, „ტორინო“ ძალიან ცუდ სეზონს ატარებს, ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული ჩემპიონატში, მაგრამ „იუვენტუსმა“ თანაქალაქელთა კართან ბევრი ვერაფერი შექმნა.

მეცხრე წუთზე „იუვე“ ანგარიშში ჩამორჩა და 78-ე წუთამდე მარცხდებოდა. მარცხდებოდა დამსახურებულად, რადგან ამ პერიოდში ერთადერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, როდესაც ფედერიკო კიეზას სალვატორე სირიგუმ აჯობა. ერთხელაც ხუან კუადრადოს ლამაზი გოლი გაუუქმეს, ლეონარდო ბონუჩი იყო თამაშგარეში და ბურთს არ შეხებია, მაგრამ ეპიზოდზე ზემოქმედებდა. თუმცა, პირლოს გუნდმა თამაში მაინც მოიგო და მოიგო ორი იდენტური გოლით, რომელთა გარჩევა ძნელია... ხუან კუადრადოს რო ჩაწოდებას, ერთადა იმავე პოზიციიდან ჯერ ვესტონ მაკკენის თავური მოჰყვა, შემდეგ ლეონარდო ბონუჩის - 2:1. გაჭირვებით, წვალებით „იუვენტუსმა“ მოიგო და სერია A-ში ისევ დაუმარცხებელია. ანდრეა პირლო 1994 წლის შემდეგ პირველი დებიუტანტი მწვრთნელი გახდა, რომელსაც სერია A-ში საწყისი 10 თამაში არ წაუგია (5 მოგება, 5 ფრე). „იუვეს“ 20 ქულა აქვს და ჯერჯერობით მესამე ადგილზეა.

„ინტერმა“ შინ „ბოლონიას“ აჯობა - 3:1. ანტონიო კონტეს გუნდი ბოლო პერიოდშ კარგ ფორმაში შევიდა და ეს შედეგებზეც ისახება. „ნერაძურიმ“ უპრობლემოდ იმარჯვა, საუკეთესო კი მაროკოელი განაპირა მცველი აჩრაფ ჰაკიმი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა. მანამდე, ერთი გოლი რომელუ ლუკაკუმ გაიტანა და მილანური გრანდი ლიდერ „მილანს“ ახლა მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ „როსონერის“ ამ ტურის მატჩი ხვალ გენუაში, „სამპდორიასთან“ ელოდება.

მეათე ტური რომის „ლაციოს“ მატჩით დაიწყო, რომელიც „სპეციას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ჩირო იმობილესა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გოლებით 2:1 იმარჯვა. სერია A-ს მეათე ტური კვირას გაგრძელდება და ყველაზე საინტერესო „მილანის“ თამაშია, რომელსაც „სამპდორია“ დაუხვდება.

„სპეცია“ – „ლაციო“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 იმობილე(15), 0:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (33), 1:2 ნზოლა (64)

„იუვენტუსი“ – „ტორინო“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ნ’კულუ (9), 1:1 მაკკენი (78), 2:1 ბონუჩი (89)

„ინტერი“ – „ბოლონია“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (16), 2:0 ჰაკიმი (45), 2:1 ვინიატო (67), 3:1 ჰაკიმი (70)

თეგებისერია A
0.295926