ფეხბურთი

12:26 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ცხოვრებაში ან ჭამ, ან გჭამენ - მე ჭამა ვამჯობინე"
"მწვრთნელობა არ მინდა, ფეხბურთელები ვერ გააკეთებენ იმას, რასაც მე ვაკეთებდი"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყოფილ თანაგუნდელ მასიმო ამბროზინის საინტერესი ინტერვიუ მისცა. ამბროზინი ამჟამად ტელეკომპანია Sky Sport-ს მიმომხილველია და შვედ ფორვარდსაც გაესაუბრა.

იბრამ გულწრფელ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კარიერის დასრულება გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ „მილანის“ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლისთან საუბრის შემდეგ აზრი შეიცვალა.

„მილანთან“ პირველი მოგონება

„მილანელოში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ჩემი პირველი თავგადასავალი „მილანთან“? გალიანი ჩემთან ბარსელონაში მოვიდა, პიჯაკი გაიხადა, დაჯდა და თქვა, რომ სანამ არ წავიდოდი მასთან ერთად, მარტო არ წავიდოდა. ჩემმა მეუღლემ მას შეხედა და იკითხა - ვინ არის ეს? რა მოხდა „ბარსელონაში“? დღესაც არ მესმის რა პრობლემა იყო. თუ არ მეცოდინებოდა რა უნდა მომეგვარებინა, ვერც მოვაგვარებდი.

დაბრუნება „მილანში“

„მილანში“ დაბრუნება? ტოპ გუნდში გადასვლაზე უფრო საინტერესო ისეთ გუნდში მისვლაა, რომელსაც ტოპ გუნდად თვითონ აქცევ. შიში რომ მქონოდა, კონტრაქტს არ გავაფორმებდი. „მანჩესტერში“ მითხრეს, რომ მხოლოდ წამგებიანი ვიყავი, უკვე ძალიან ბებერი. მე კი ყველაფერს პირიქით ვაკეთებ, რასაც ყველა ამბობს. 10 წლის წინ მე სხვა სტატუსი, სხვა ეგო მქონდა. დღეს უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, როდესაც ახალგაზრდა ხარ, უფრო როკ-ენ-როლი ხარ, ახლა უფრო ვკითხულობ სიტუაციებს. გუნდიც კარგად მიგებს, მეუბნებიან: „გზა გვაჩვენე და ჩვენც გამოგყვებით“.

პასუხისმგებლობა გუნდის წინაშე

მე ყოველთვის თამაში მსურს, ეს ნორმალურია. მაგრამ ევროპა ლიგის მატჩზე პიოლიმ მითხრა, რომ 45 წუთს ვითამაშეთ. მე მას პატივს ვცემ. პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი თანაგუნდელების წინაშე და მწვრთნელს უნდა დავეხმარო. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ეს მომწონს.

„მილანის“ წარმატების საფუძველი

გუნდს შია, დიდი სურვილი აქვს. კარგად ვთამაშობთ. თუმცა არ უნდა გვქონდეს ოცნებები ან მიზნები, ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ერთი კონკრეტული თამაში. უფრო სწორად, მე ერთი მიზანი მაქვს, მაგრამ გუნდმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რადგან ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და მათ კარიერაში არაფერი მოუგიათ. ახლა არ უნდა გავჩერდეთ და ყველა თამაში ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს ბოლოა.

„იუვესგან“ და „ინტერისგან“ განსხვავებული „მილანი“

ჩვენ არ ვგავართ „ინტერს“ ან „იუვენტუსს“, რომლებსაც ძალიან ბევრი ძლიერი მოთამაშე ჰყავთ. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, ზოგი მზად არ არის ყველა თამაშისთვის, ზოგსაც რაღაც აკლია. ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს.

წნეხის მნიშვნელობა

შესაძლოა, მე ამ გუნდში ისე ვარ, როგორც ბოსი. ამბობენ, რომ ჩემთან თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ეს გამარჯვებულის მენტალიტეტია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოვიგოთ. დიახ, ზეწოლას ვახდენ გუნდზე, ბევრს ვითხოვ, „მილანში“ ბევრი მოგეთხოვება. არ არსებობს ბევრი ფეხბურთელი, რომელიც ჩემს ასაკში ამ დონეზე დარჩენას ახერხებს. ამ დონეზე ან ჭამ, ან გჭამენ - მე ჭამა ვარჩიე.

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ

რას გავაკეთებ ფეხბურთის შემდეგ? არ ვიცი, ორი შვილი მყავს. მათზეც დიდ ზეწოლას ვახდენ, რადგან უნდა გაიგონ როგორ მუშაობს ყველაფერი - დისციპლინა, პატივისცემა, მსხვერპლი, შრომა. მწვრთნელობა? ამაზე არ ვფიქრობ. მწვრთნელობა სტრესული საქმეა, მე უნდა მივცე ბრძანებები ფეხბურთელებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ის გააკეთონ, რასაც მე ვაკეთებდი.

წასვლის მომენტი

როდის დავასრულებ კარიერას? სხეულზეა დამოკიდებული. გაიხსენეთ ტოტი. მას შეეძლო კარიერის გაგრძელება, არ აკლდა ხარისხი. ამერიკაში წავედი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ძველებურად თამაში შემეძლო. მე რეალისტი ვიყავი. „მილანთანაც“ თავიდან 6-თვიანი კონტრაქტი გავაფორმე. პიოლიმ მკითხა, რის გაკეთებას ვაპირებდი და მე ვუპასუხე: არა, არ ვაგრძელებ, საკმარისია. ჩემი ოჯახიც მნიშვნელოვანია, აქ მარტო ვარ და ეს მსხვერპლია. ექვსი თვე არაუშავს, მაგრამ კიდევ ერთი წელი - არა. პიოლიმ მიპასუხა: კარგი, პატივს გცემ. მეორე დღეს ისევ ვისაუბრეთ და მითხრა: არა, ეს ასე მარტივი არ არის. თუ დარჩები, რაღაცები შეიცვლება. მე კი ისევ ვუპასუხე: არა, კარიერის დასრულება გადავწყვიტე. შემდეგ რაღაც შეიცვალა. არ მინდოდა სინანულის გრძნობა გამჩენოდა. დავურეკე „მილანს“ და გაგრძელება გადავწყვიტე. ჯერ კიდევ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვფიქრობდი კარიერის დასრულებაზე. 35-36 წლის ვიყავი, ამაზე მძიმე ტრავმამდე ვფიქრობდი. ტრავმის შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: ფეხბურთის გარეშე ვინ ვარ? როდის აღარ გააკეთებ იმას, რასაც 25 წელია აკეთებ? ეს ადვილი არ არის, მზად ვარ? არა, არ ვიყავი მზად კარიერის დასასრულებლად, რადგან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე სეზონში სერია A-ში ჩატარებულ 6 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. 39 წლის ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია და მოედანზე სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებში დაბრუნდება.

0.111526