ფეხბურთი

19:03 | 4.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი "გაგრამ" მოიგო და უეფას კონფერენს ლიგაზე გავიდა

საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის ბინადრები „გაგრა“ და „სამგურალი“ დაუპირისპირდნენ. ეს ორივე გუნდისთვის უკვე დიდი წარმატება იყო, „სამგურალი“ ისტორიაში მეორედ გავიდა ფინალში, „გაგრა“ - მესამედ.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ თითქმის საგოლე მომენტების გარეშე. მეორე ტაიმის დასაწყისში წყალტუბოელებს კიკაბიძე გაუძევეს, რის შედეგადაც 10 კაცით მოუწია თამაში. ამის მიუხედავად, უჩა სოსიაშვილის გუნდმა გაძლო და მეტიც, თავად ჰქონდა რეალური საგოლე მომენტი.

ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო მე-100 წუთზ დემურ ჩიხლაძეს შეეძლო „სამგურალი“ წინ გაეყვანა, მაგრამ ონდავ არ გაუმართლა. საბოლოოდ, ლოგიკურად ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გაგა კირკიტაძის გუნდმა 5-დან 5 პენალტი გაიტანა, ხოლო „სამგურალის“ რიგებში იუსუფა ტურემ კარს ააცილა და იმერული გუნდი დამარცხდა - 3:5.

„გაგრამ“ საქართველოს თასი ისტორიაში მეორედ მოიგო და მომდევნო სეზონში უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. სხვათა შორის, „გაგრამ“ საქართველოს თასზე მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი პენალტების სერიაში მოიგო და ყველა მატჩი („დილასთან“, „საბურთალოსთან“ და დღეს) უგოლოდ დასრულდა.

„სამგურალმა“ კი ისტორიაში მეორედ წააგო საქართველოს თასის ფინალი. თუმცა, უჩა სოსიაშვილის გუნდს ეროვნულ ლიგაში აღზევების შანსი აქვს და ახლა კონცენტრაციის გაკეთება ამაზე მოუწევს.

„სამგურალი“ – „გაგრა“ 0:0 პენ: 3:5

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

სამგურალი: მეშველიანი, ბანძელაძე, პატარკაციშვილი, ტურე, კუხიანიძე, გაზდელიანი, ფონიავა, ქურდაძე, დოლიძე (ჩიხლაძე 72), ბურჯანაძე, კიკაბიძე

გაგრა: კერესელიძე; ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ივანიაძე (ერგემლიძე 84), ხაბელაშვილი (კაკიაშვილი 106), ქობულაძე, ვეკუა, სულთანიშვილი (მანაგაძე 106), მაქაცარია, ლაღაძე (ოქროპირიძე 84)

პენალტების სერია: 0:1 ხოსიტაშვილი, 1:1 პატარკაციშვილი, 1:2 კაკიაშვილი, 2:2 ქურდაძე, 2:3 ჩადუნელი, 2:3 ტურე (ააცილა), 2:4 ვეკუა, 3:4 ბურჯანაძე, 3:5 ერგემლიძე

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

0.113199