ფეხბურთი

20:33 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო 2023 წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლებს!

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება! უეფამ აღმასკომის სხდომაზე აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად დაამტკიცა. როგორც მასპინძლებს, საქართველოსაც და რუმინეთსაც აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის უფლება ავტომატურად ერგოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. ტურნირის გახსნითი მატჩის მასპინძლობის უფლება რუმინეთს ერგო, სანაცვლოდ, ფინალი ბათუმში ჩატარდება!

ბათუმის გარდა, საქართველოში ევროპის ჩემპიონატს კიდევ ორი ქალაქი უმასპინძლებს - თბილისი და ფოთი. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში ოთხი ქართული სტადიონი დაუხვდება დიდ ფეხბურთს - "ბათუმი არენა", "ფოთი არენა", "მიხეილ მესხი" და "დინამო არენა". საქართველო ოთხი ჯგუფიდან ორი ჯგუფის მასპინძელი საქართველო იქნება, ორსაც შესაბამისად რუმინეთი უმასპინძლებს. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2017 წელს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა.

"ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფასგან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემიონატს უმაპინძლებს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, ვულოცავ ჩვენ რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენ ქვეყანას არ უმასპინძლია", - თქვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

0.110196