ფეხბურთი

15:43 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "რუსეთში დაბრუნება ყოველთვის მსურდა, მაგრამ საქართველოში ეს არ დაუშვეს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნება ყოველთვის უნდოდა და მოსკოვი ენატრებოდა. Metaratings-თან ინტერვიუში სლოვაკი სპეციალისტი ჰყვება, რომ რუსული კლუბებიდან წინადადებები ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არ გაუშვა.

ვაისი ინტერვიუში ჯანო ანანიძის შესახებაც საუბრობს და არ დამალა, რომ ის მისთვის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში გუნდს ძალიან დააკლდა.

- მოსკოვი მოგენატრათ?

- დიახ, რა თქმა უნდა. ყოველთვის მინდოდა მოსკოვში, რუსეთში დაბრუნება. კარგ კლუბში. წლების განმავლობაში იყო რამდენიმე შემოთავაზება. კლუბები რეკავდნენ, მაგრამ კონტრაქტი მაკავშირებდა ყაზახეთში ან საქართველოში. ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არ დაუშვა.

- საუბარი იყო, რომ „სოჭი“ ინტერესდებოდა...

- დიახ, ორი წლის წინ იყო მოლაპარაკებები ტულას „არსენალთან“, „სოჭისთან“. ამასთან, საქართველოში მუშაობით ვიყავი დაკავებული და ამაზე ყურადღების მიქცევა შეუძლებელი იყო. ახლა თავისუფალი ვარ და რა თქმა უნდა, სხვა შემოთავაზებებს მივყვები.

- თქვენი მრავალი ინტერვიუდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯანო თქვენი საყვარელი ფეხბურთელია. მართალია?

- ჰა, ჰა, კი! ჯანო ერთ-ერთი ფავორიტია. სამწუხაროდ, მას მრავალი დაზიანება ჰქონდა. ღმერთისგან დიდი ნიჭი აქვს, ანანიძეს შესანიშნავი ბურთის ფლობა, მოედნის ხედვა და წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს. მაგრამ მისი ნიჭი არ გამოვლინდა ბევრი ტრავმებისა და მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო. საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩში ძალიან დაგვაკლდა.

- როგორი ადამიანია?

- ჯანო კარგი ბიჭია, მაგრამ ცოტა ჩაკეტილი. ის ჭკვიანია, ოჯახზე ზრუნავს. თბილისში მშვენიერი სახლი აქვს, შვილები და კარგი ოჯახი ჰყავს. მაკედონიასთან თამაშამდე მას დავურეკე და ვესაუბრე. ან ოპერაცია უნდა გაიკეთოს, ან გადაწყვიტოს როგორ განვითარდება მისი მომავალი. ვუსურვე ჯანმრთელობა და წარმატებები, მანაც წარმატებები გვისურვა. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით.

- ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ ჯანომ შეიძლება კარიერა დაასრულოს. ოდესმე თქვენთვის ეს უთქვამს?

- არა, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ის დაიღალა ტრავმებით. ჯანომ მითხრა: ევროპაში წასვლა მინდა, ნაკლები ხელფასითაც კი. მინდა სადმე წავიდე, რომ სათამაშო პრაქტიკა მქონდეს და ფეხბურთით ვისიამოვნო. მე მას დავთანხდი, ვეძებდით ჰოლანდიაში გუნდს, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ცუდზე ფიქრი საჭირო არ არის. ის 28 წლისაა. მინდა ჯანმრთელობა და ნაკლები დაზიანებები ვუსურვო.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებს 2016-2020 წლებში 47 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 16 მოიგო, 15-ჯერ ფრე ითამაშა და 16-ჯერ დამარცხდა.

0.114106