ავსტრალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის ღია პირველობა 8-21 თებერვალს გაიმართება და საკარანტინო პერიოდში, ჩოგბურთელებს სასტუმროს გარეთ გასვლა და ვარჯიშის უფლება მიეცემათ.
ტენის ავსტრალია მოლაპარაკებას აწარმოებს შტატ ვიქტორიას ხელისუფლებასთან, რათა სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ. შტატის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მოთამაშეებს კარანტინის გავლა მოუწევთ და რომ ტურნირი ადრე დაგეგმილზე ორი კვირის დაგვიანებით დაიწყება. ცნობისათვის, წინასწარი კალენდრის შესაბამისად, ავსტრალიის ღია 18-31 იანვარს უნდა გამართულიყო.
შტატ ვიქტორიაში, რომლის მთავარი ქალაქიცაა მელბურნი, უკვე თვეზე მეტია, კორონვირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს იმ მკაცრი ლოკდაუნის შედეგია, რომელიც პანდემიის მეორე ტალღის აღსაკვეთად, ოთხი თვე გრძელდებოდა.
ტენის ავსტრალიას მთავარი აღმასრულებელი კრეიგ ტილი უკვე დაუკავშირდა ჩოგბურთელებს და შეატყობინა, რომ ორკვირიანი კარანტინის დროს, რომელიც 15 იანვარს დაიწყება, მათ სასტუმროს გარეთ გასვლის და ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. კარანტინის შემდეგ კი მონაწილეები თავად გადაწყვეტენ, სად დარჩებიან.