ფორმულა 1-ს შუმახერის გვარი უბრუნდება. ლეგენდარული მამისგან ესტაფეტას მისი 21 წლის შვილი, მიკ შუმახერი მიიღებს, რომელიც დიდი პრიზების ცირკში, მისთვის სადებიუტო, 2021 წლის სეზონში „ჰაასის“ მანქანით იასპარეზებს.
გერმანელმა მრბოლმა ამერიკულ გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამჟამად ის ფორმულა 2-ის ლიდერია და სეზონის დასრულებამდე 1 ეტაპიღაა დარჩენილი (2 რბოლა ბაჰრეინში). მასთან ერთად, „ჰაასმა“ თავისი პარტნიორი „ფერარის“ ახალგაზრდა მრბოლთა აკადემიის კიდევ ერთი წევრი, რუსი ნიკიტა მაზეპინი აიყვანა.
„როცა ვაცნობიერებ, რომ მომავალ სეზონს ფორმულა 1-ში გავატარებ, თავს ბედნიერად ვგრძნობ. სიტყვები არ მყოფნის. ყოველთვის მჯეროდა, რომ ფორმულა ერთთან დაკავშირებულ ოცნებას ავისრულებდი“, - განაცხადა შუმახერმა, ვინც მაზეპინთან ერთად, „ჰაასში“ კევინ მაგნუსენს და რომენ გროჟანს შეცვლის.
„ფორმულა 2-ის ჩემპიონატი ნიჭიერი მრბოლებისთვის, გამოცდილების მიღების და შესაძლებლობათა გამოვლენის საშუალებაა. და ამ სეზონში იქ არაერთი ძალიან ნიჭიერი მრბოლი ასპარეზობდა. გარწმუნებთ, მან ფორმულა 1-ში გადასვლის უფლება, მისი მიღწევების წყალობით მოიპოვა“, - ამბობს „ჰაასის“ შეფი გიუნტერ შტაინერი.
ფორმულა 2-ის ბოლო ორი რბოლის წინ, შუმახერი 14 ქულას უგებს უახლოეს მდევარს.