ფეხბურთი

2:46 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: + ორი მერვედფინალისტი და ოთხი ფინალი ბოლო ტურში

ჩემპიონთა ლიგის მუხეთე ტურის რვა თამაში ოთხ ჯგუფში გაიმართა და მერვედფინალისტთა რაოდენობა ორით გაიზარდა. ჯერ კიდევ მეოთხე ტურში „ჩელსიმ“, „ბაიერნმა“, „მანჩესტერ სიტიმ“, „ბარსელონამ“, „იუვენტუსმა“ და „სევილიამ“ მოიპოვეს პლეი-ოფის საგზური. ამ ექვს გუნდს „ლივერპული“ და „პორტუც“ შეუერთდნენ.

მეორეს მხრივ, რამდენიმე ჯგუფში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და ბოლო ტურში რამდენიმე ფინალი გველოდება.

A ჯგუფში „ბაიერნი“ რომ პირველ ადგილზე გავა, ეს ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გავიგეთ და ამიტომაც, ჰანსი ფლიკმა „ატლეტიკოსთან“ პრაქტიკულად სათადარიგო შემადგენლობა ათამაშა. ეს შანსი იყო დიეგო სიმეონეს გუნდისთვის, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში გაინაღდებდა მერვედფინალის საზგურს. „როხიბლანკო“ ჟოაო ფელიქსის გოლით კარგა ხანს იგებდა, მაგრამ 86-ე წუთზე ტომას მიულერმა გაათანაბრა და „ატლეტიკო“ დიდი საფრთხის წინაშე დატოვა. რატომ საფრთხე? რეალური შანსია, რომ მადრიდული კლუბი ჯგუფში ჩარჩეს. „ზალცბურგმა“ მოსკოვში „ლოკომოტივს“ მოუგო (3:1) და ძალიან დაიძაბა ბრძოლა მეორე ადგილისთვის. „ატლეტიკოს“ 6 ქულა აქვს, ავსტრიულ გუნდს 4 და ბოლო ტურში ეს გუნდები ერთმანეთს ავსტრიაში შეხვდებიან. შესაბამისად, „ატლეტიკო“ თუ ამ თამაშს წააგებს, მერვედფინალში „ზალცბურგი“ გავა, რომელიც საკმაოდ კარგი გუნდია და მადრიდში „როხიბლანკომ“ რის ვაი-ვაგლახით მოუგო (3:2). ამრიგად, მეექვსე ტურში ძალიან მაგარი ჯახი გველოდება. „ბაიერნის“ პირველი ადგილის ბედი ცხადია გარკვეულია, ისევე როგორც ის, რომ „ლოკომოტივი“ ჯგუფიდან ვერ გავა. ყველაფერი „ზალცბურგი“ – „ატლეტიკოს“ თამაშშია გსარკვევი - ვინ იქნება მეორე...

B ჯგუფი თავიდანვე სიკვდილის ჯგუფად შერაცხეს, მაგრამ ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, ამას ვინ წარმოიდგენდა. ერთადერთი ტური დარჩა და ჯგუფიდან გასვლის შანსს ყველა გუნდი ინარჩუნებს, თანაც ყველა საკუთარ თავზეა დამოკიდებული! დიახ, ერთადერთი ამის თქმა „ინტერზე“ არ შეიძლება, ისიც ნაწილობრივ.

„ნერაძურიმ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია „ბორუსია“ პარკზე დაასრულა, სადაც „გლადბახს“ 3:2 აჯობა. მატეო დარმიანის გოლს პირველ ტაიმში ალასან პლეამ უპასუხა. მეორე ნახევარში რომელუ ლუკაკუმ დუბლი შეასრულა, მერე კი პლეამ ასევე დუბლი გაიფორმა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. ფრანგმა ბოლოს მესამეც გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა და „ინტერმა“ პირველი გამარჯვება იზეიმა, ხოლო „გლადბახი“ პირველად დამარცხდა. გერმანულ გუნდს 8 ქულა აქვს, „ინტერს“ – 5. ბოლო ტურში „ნერაძური“ შინ „შახტარს“ თუ მოუგებს, დიდი ალბათობით ჯგუფიდან გავა. იტალიელებს უკრაინელებთან მოგება მხოლოდ იმ შეთხვევაში არ მისცემთ არაფერს ევროპალიგის საგზურის გარდა, თუ პარალელურად „რეალი“ – „გლადბახის“ მატჩი ფრედ დასრულდება.

მადრიდის „რეალმა“ კი ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 5 თამაშში მესამედ წააგო და ჯგუფში მეორედ - ისევ „შახტართან“. დენტინიოსა და სოლომონის გოლებით მეორე ნახევარში უკრაინულმა გუნდმა ისტორია დაწერა და „სამეფო კლუბი“ კვლავ დაამარცხა. სხვათა შორის, „შახტარი“ პირველი გუნდია 2008 წლის შემდეგ, რომელმაც „რეალს“ ჯგუფში ორივე თამაში მოუგო. მანამდე ბოლოს ეს „იუვენტუსმა“ გააკეთა, როცა ესპანელებს იტალიაშიც მოუგო და მადრიდშიც (2:1, 2:0). მადრიდის „რეალმა“ კი საქმე ძალიან გაირთულა, არადა „ინტერთან“ ორი მოგების შემდეგ ეს ძნელად დასაჯერებელი იყო.

საქმე ძალიან ჩახლართულია - „გლადბახს“ 8, „შახტარს“ და „რეალს“ 7-7 (ურთიერთშეხვედრებში უკრაინელებს უპირატესობა აქვთ), ხოლო „ინტერს“ 5 ქულა აქვს. „რეალი“ „გლადბახს“ უმასპინძლებს, „ინტერი“ – „შახტარს“. ბოლო ტურის ბევრი შესაძლო სცენარია, ამაზე წინასწარ წერა და მსჯელობა, წყლის ნაყვა იქნება, ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა, როცა ორი ფინალი გაიმართება!

C ჯგუფში „მანჩესტერ სიტიმ“ პლეი-ოფში „პორტუ“ გაიყოლა. მათ „დრაგაოზე“ მშვიდი 0:0 ითამაშეს და ყველაფერი ნათელია. „მარსელმა“ ზედიზედ 4 წაგების შემდეგ დიმიტრი პაიეს დუბლით „ოლიმპიაკოსს“ 2:1 მოუგო და ეს გუნდები ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას 3-3 ქულით აგრძელებენ.

D ჯგუფში პირველი ადგილი „ლივერპულისაა“. იურგენ კლოპის გუნდმა „ენფილდ როუდზე“ „აიაქსი“ მეტად უსახურ შეხვედრაში ანდრე ონანას სასაცილო შეცდომის შედეგად დაამარცხა, როცა გოლი კერტის ჯონსმა გაიტანა. ბერგამოს „ატალანტამ“ კი შინ „მიდტიულანდს“ ვერ აჯობა - 1:1. დანიელებმა ისტორიაში პირველად შეძლეს ჩემპიონთა ლიგაზე ქულის მოპოვება. თუ „ლივერპული“ უკვე პირველადგილოსანია, მეორე ადგილისთვის ფინალი გველოდება. ამსტერდამში 7-ქულიანი „აიაქსი“ 8-ქულიან „ატალანტას“ უმასპინძლებს. ნიდერლანელებს პლეი-ოფში მხოლოდ მოგება გაიყვანს, ხოლო იტალიელების წისქვილზე წყალს ფრეც დაასხამს...

A ჯგუფი

„ატლეტიკო“ – „ბაიერნი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჟოაო ფელიქსი (26), 1:1 მიულერი (86)

„ლოკომოტივი“ – „ზალცბურგი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ბერიშა (28), 0:2 ბერიშა (41), 1:2 მირანჩუკი (79, პენ), 1:3 ადეიემი (81)

B ჯგუფი

„შახტარი“ – „რეალი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 დენტინიო (56), 2:0 სოლომონი (82)

„გლადბახი“ – „ინტერი“ 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 დარმიანი (17), 1:1 პლეა (45), 1:2 ლუკაკუ (64), 1:3 ლუკაკუ (73), 2:3 პლეა (76)

C ჯგუფი

„პორტუ“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:0 (0:0)

„მარსელი“ – „ოლიმპიაკოსი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 კამარა (33), 1:1 პაიე (55, პენ), 2:1 პაიე (75, პენ)

D ჯგუფი

„ლივერპული“ – „აიაქსი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჯონსი (58)

„ატალანტა“ – „მიდტიულანდი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 შოლცი (13), 1:1 რომერო (79)

0.132112