ავტოსპორტი

2:03 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ჰამილტონი კორონავირუსითაა ინფიცირებული

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, რის გამოც, ამ უქმეებზე სახირის დიდ პრიზს გამოტოვებს. „მერსედესს“ ჯერჯერობით მისი შემცვლელი არ დაუსახელებია. ბრიტანელი პილოტი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც „მერსედესი“ იტყობინება, ჰამილტონს დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს, თუმცა სხვა მხრივ, თავს კარგად გრძნობს.

„გასულ კვირაში ლუისს სამი ტესტი ჩაუტარდა და სამივეზე უარყოფითი პასუხი ჰქონდა. მათგან ბოლო ტესტი კვირას ჩაუტარდა, ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლის შემდეგ. ეს ტესტი იყო საშეჯიბრო სატესტო პროგრამის ნაწილი. მაგრამ ორშაბათს გაღვიძებულზე, მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა. დილითვე შეატყობინეს, რომ პირი, რომელთანაც ბაჰრეინში ჩასვლისას კონტაქტი ჰქონდა, ინფიცირებულია. ამიტომ ლუისმა კიდევ ერთი ტესტი ჩაიტარა, რომელზეც პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ეს შედეგი მალევე განმეორებითი ტესტითაც დადასტურდა“, - ნათქვამია „მერსედესის“ განცხადებაში.

„მას შემდეგ, რაც ივნისში სეზონი დაიწყო, მე და ჩემი გუნდი ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ინფიცირება თავიდან აგვერიდებინა. ვწუხვარ იმის გამო, რომ ამ უქმეებზე რბოლას გამოვტოვებ. მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი ისაა, რომ სხვებს სიფრთხილის მაგალითი მივცე“, - წერს ჰამილტონი.

ფორმულა 1-ში 2007 წელს დებიუტის შემდეგ, ეს იქნება პირველი რბოლა, რომელსაც ჰამილტონი გამოტოვებს. ბოლო 28 რბოლა მან ქულებში დაასრულა, რაც ფ1-ის კიდევ ერთი რეკორდია. მაგრამ ახლა ამ სერიის შეწყვეტა მოუწევს.

0.086254