კალათბურთი

19:52 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება: საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასაც აჯობა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და დაუმარცხებელი სერია გააგრძელა. ილიას ზუროსის გუნდმა ფინეთის შემდეგ შვეიცარიაც დაამარცხა, რომელმაც ორი დღის წინ სერბეთის ნაკრებს აჯობა.

საქართველო უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლა და მთლიანობაში მეტოქეზე კარგად გამოიყურებოდა. ქართველმა კალათბურთელებმა ტაიმი 7 ქულით მოიგეს და ზოგადად, პირველი სამი პერიოდი საქართველომ მოიგო და დასკვნითი მეოთხედის წინ 11-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. თამაშის მიმდინარეობისას ზუროსის შეგირდებს უფრო სერიოზული ჰანდიკაპიც ჰქონდათ, მაგრამ ბოლ პერიოდში ნერვიულობა მაინც მოგვიწია.

ჩვენი გუნდი მოდუნდა, გამარჯვება ალბათ ნაადრევად დაიჯერა და შვეიცარიამ ჩამორჩენის მეთოდურად შემცირება დაიწყო. საფინალო სირენამდე 3.5 წუთით ადრე საქართველოს უპირატესობა მხოლოდ 4 ქულას შეადგენდა, მაგრამ შემდეგ თორნიკე შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა მოიპოვა და თამაშში გარდატეხაც შევიტანეთ. ამის მიუხედავად, ძალიან მოტივირებული შვეიცარია არ დანებდა და ბოლო წამამდე ბოლომდე იბრძოდნენ. თუმცა, ნომინალური მასპინძლების მონდომება ამაო გამოდგა, საქართველოს ნაკრებმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და საბოლოოდ ჯგუფში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა - 91:84.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო თად მაკფადენი იყო, რომელმაც 24 ქულა და 6 პასი მიითვალა. თორნიკე შენგელიამ 21 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მოიპოვა, ხოლო წინა თამაშის გმირმა, გიორგი შერმადინმა 11 ქულას, 8 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მთლიანობაში უფრო გუნდური თამაში აჩვენა და ქულები სხვა კალათბურთელებმაც მოიპოვეს - ბექა ბექაურმა (6 ქულა), გიორგი კორსტანტიამ (9), გივი ბაქრაძემ (12), ალექსანდრე ფევაძემ (8), მერაბ ბოქოლიშვილმა (3) და ილია ლონდარიძემ (1).

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩს 19 და 21 თებერვალს, შესაბამისად სერბეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს. მოგეხსენებათ, ილიას ზუროსის გუნდისთვის ამ შესარჩევ ციკლს სატურნირო დატვირთვა არ გააჩნია, რადგან მასპინძლის სტატუსით ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისედაც მოპოვებული აქვს.

შვეიცარია - საქართველო 84:91 (24:27, 15:19, 15:19, 30:26 )

სტატისტიკური მონაცემები დეტალურად...

0.251809