დიდი სლემის ზედიზედ ტურნირის სამი ფინალის წაგების შემდეგ, 27 წლის ავსტრიელმა დომინიკ თიმმა წელს აშშ-ის ღია პირველობა მოიგო. 2016 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი ვერც ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, ვერც რაფაელ ნადალი და ვერც როჯერ ფედერერი. და ახლა თიმმა სამიზნეში ოლიმპიური ოქრო ამოიღო.
თიმმა 2016 წელს რიოს ოლიმპიადა გამოტოვა და ტოკიოს თამაშები წელს რომ ჩატარებულიყო, მისი გამოტოვებაც უწევდა. მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლისთვის გადაიდო. და თიმსაც ოცნების ასასრულებლად ბრძოლის საშუალება ეძლევა.
პირველი ოცნება, დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებულთა ელიტარულ კლუბში შესვლა იყო, რაც ფლეშინგ მედოუსზე აისრულა. მომავალი წლის საჩოგბურთო კალენდარი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ თიმი ამბობს, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა უკვე დაგეგმილი აქვს.
„ტოკიოში, ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოსვლას ვაპირებ. დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდი და როგორც ჩანს, ოლიმპიადაზე გამოსვლა, ჩემს სატურნირო განრიგს შეესაბამება“, - ამბობს თიმი, ვისაც ჩილელი ნიკოლას მასუ წვრთნის, ყოფილი ჩოგბურთელი, რომელსაც ათენის ოლიმპიადაზე (2004 წელი), ოქროს მედლები ერთეულთა და წყვილთა შორის აქვს მოპოვებული.