ფეხბურთი

20:05 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საჩემპიონო რბოლა დასრულდა? "დინამო ბათუმმა" ახალ სტადიონზე წააგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დიდი ალბათობით საჩემპიონო ბრძოლა დასრულდა. ყოველშემთხვევაში, ორივე „დინამოს“ 3-3 მატჩი დარჩათ სათამაშო და თბილისელთა უპირატესობა 5 ქულაა.

„დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა და ამის შესახებ უკვე დავწერეთ, „დინამო ბათუმმა“ კი შინ თბილისის „ლოკომოტივთან“ წააგო და საქმე ძალიან გაირთულა. არადა, გია გეგუჩაძის გუნდმა კარგად დაიწყო, სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნა, მაგრამ სტუმართა კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი შეუდარებელი იყო. მან გიორგი ნიქაბაძესა და ჯაბა ჯიღაურს ურთულესი ბურთები აუღო. თავის მხრივ, ტაიმის ბოლო წუთზე მიხეილ ალავიძემ საკუთარი გუნდი დავით კირკიტაძის გოლისგან იხსნა.

მეორე ნახევარში გოლები გავიდა და თანაც სამი. ანგარიში გიორგი ნიქაბაძემ გახსნა, ეფექტურად ითამაშა და მამარდაშვილს ბურთი თავზე გადაუგდო. თუმცა აჭარლებს ეს გოლი ვერაფერში წაადგათ და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თამაში შემოატიალა.

74-ე წუთზე დავით უბილავამ გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე მასპინძელთა დაცვის ხაზი კიდევ ერთხელ ჩავარდა და გამდაწყვეტი გოლი მამია გავაშელიშვილის ანგარიშზეა - 1:1.

„დინამო ბათუმი“ 29 ქულით მეორე ადგილზეა და როგორც უკვე ვთქვით, ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება. თბილისის „ლოკომოტივმა“ 26 ქულას მოუყარა თავი და მესამე საფეხურზე აღზევდა.

„დინამო ბათუმი“ - „ლოკომოტივი“ 1:2 (0:0)

ბათუმი, „ბათუმი არენა“

დინამო ბათუმი (4-3-3): ალავიძე; მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, შერგელაშვილი; ვაგნერი (ჯიჯავაძე 83), მამუჩაშვილი, მანჯგალაძე; გაფრინდაშვილი, ნიქაბაძე, ჯიღაური (თევდორაძე 83)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი; გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა - ძებნიაური, დარცმელია - თ. კირკიტაძე (კაპანაძე 76), სამურკასოვი (გავაშელიშვილი 67), დ. კირკიტაძე (იმრანი 53) - სიხარულიძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (65), 1:1 უბილავა (74), 1:2 გავაშელიშვილი (83)

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

0.117553