ფეხბურთი

12:50 | 26.11.2020 | ნანახია 1106 - ჯერ

მას მგონი, მართლა ღმერთი ეხმარებოდა!

„მისი სიცოცხლე დასრულდა“ - თქვა რეანიმაციიდან გამოსულმა აცრემლებულმა ექიმმა და ყველა მივხვდით, რომ მართლაც დასრულდა ჩვენი ბავშვობაც, დიდი ეპოქაც და ყველაფერი ის, რამაც (ვინაც) ფეხბურთი მილიონობით ადამიანს შეაყვარა. დიეგო მარადონა იმქვეყნად გადაბარგდა და ახლა უკვე ზეციურ არგენტინაში აკენწლავს ფორთოხალს, გაუმწარებს სიცოცხლეს მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს, ჩაიდენს ათას სისულელეს და მაინც იქნება პირველი უპირველესთა შორის, რადგან დიეგო მარადონა ყველგან მხოლოდ პირველი შეიძლება იყოს!

სხვები ალბათ ჩემზე კარგად დაწერენ მარადონას ბავშვობაზე, საფეხბურთო კარიერაზე, მის უცნაურ პოლიტიკურ შეხედულებებზე, გენიალურობაზე, სიგიჟეზე, ღვთაებრიობაზე... სათქმელი მართლაც რომ ბევრია და ჭეშმარიტ ქომაგთა ალალი ცრემლთანთხევაც ბევრი იქნება.

მთავარი კი ალბათ მაინც ისაა, რომ მარადონა იყო ბმა ჩვენთვის ყველაზე სათუთ რამესთან - ბავშვობასთან და იმ წლებთან, როდესაც ფეხბურთი მხოლოდ ფულზე გადაგებული ტიპების ხელში არ იყო და როდესაც მარადონასთანა უბრალო, გარეუბნელი ბიჭები რიგითი ადამიანების გულებში სამუდამოდ იმკვიდრებდნენ ადგილს არა განცხადებებით, სკანდალებით, „სიყვითლით“, არამედ მწვანე მოედნებზე ჩადენილი სასწაულებით.

ნუ მიწყენენ ახალი თაობის ქომაგები, რომლებსაც ფეხბურთის სიყვარული ჩვენზე არანაკლები აქვთ და არც ესთეტიზმის ტრფიალი განელებიათ, მაგრამ ჩვენ მაინც იმ ფეხბურთის ინჩასებად ვრჩებით, რასაც დიეგო და მისი ეპოქის ფეხბურთელები თამაშობდნენ. დიეგო ცხადია აქაც პირველი იყო. მარადონასთვის მთავარი არასოდეს ყოფილა ერთხელ ან თუნდაც ათჯერ მიცემული კარგი პასი, ბევრი მოწინააღმდგის მოტყუება ან თუნდაც ლამაზად გატანილი გოლი. მთავარი იყო ეს ყოველივე ერთად და რაც უპირველესია - გუნდის გამარჯვება! აი, რა აკლია ყველაზე მეტად თანამედროვე ფეხბურთს, სადაც კონკრეტული მობურთალების ეგო უფრო წინაა წამოწეული, ვიდრე გუნდის ინტერესები და სწორედ ამიტომაცაა, რომ ახლა თითზე ჩამოითვლებიან ფეხბურთელები, რომლებიც მარადონასებრ ბელადივით წინ წარუძღვებიან გუნდებს, თავს დადებენ გამარჯვებისთვის, გააკეთებენ ათი კაცის საქმეს და იქნებიან ნიმუში, როგორ უნდა ემსახურო საკუთარ საქმეს,პირველყოვლისა კი, შენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს!

პირადად მე ფეხბურთი პაპაჩემმა შემაყვარა, რომელიც მარადონას თავგადაკლული ქომაგი იყო და მას მოფერებით „კრუხის პალოს“ ეძახდა. მისი თაობის უკლებლივ ყველა კაცი პელეს და ბრაზილიის ნაკრების ქომაგი იყო და მათთვის პაპაჩემი იყო „თაობის მოღალატე“, რომელმაც „გაბედა“ და პელეს მართლაც დიდებულ თაობას არგენტინის ნაკრების თეთრ-ცისფერი მაისური და ამ მაისურზე დაწერილი 10 ნომერი არჩია. 1990 წლის მუნდიალის წაგებული ფინალი პაპაჩემთან ერთად გამოვიგლოვე და შემდგომ მუნდიალზე,1994 წელს, უკვე აწგარდაცვლილი პაპაჩემის გარეშე მომიწია დოპინგ-სკანდალის გამო ჩემპიონატიდან ჩახსნილი დიეგოს გამოგლოვა. ეს იყო წლები, როდესაც საქართველოში სრული ქაოსი, უბედურება სუფევდა, მაგრამ ჩვენ გვყავდა დიეგო, გვჯეროდა დიდი ფეხბურთის და მარადონას ბურთთან ყოველ შეხებას რაღაც ახალის, დიდის და გენიალურის დასაწყისად ვრაცხდით. ასეც იყო!

აი, ახლა, წინ არგენტინის საფებურთო ნაკრების ძველი, ათნომრიანი მაისური მიდევს, რომელიც დიდი ხნის წინ მეგობარმა მაჩუქა, დავცქერი და ვფიქრობ... მაინც რა მოვლენა იყო ასეთი დიეგო მარადონა! როგორ, რანაირად შეძლო სიღარიბეში გაზრდილმა ერთმა ბუთხუზა, ხუჭუჭა ბიჭუნამ ყველა ფენის, გემოვნებისა და სულისკვეთების ადამიანის ერთნაირად გადარევა და გაოცება... მგონი, მართლა ღმერთი ეხმარებოდა!

თეგებიმარადონა

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:26 | 26.11.2020
arsena8 (732)

"მთავარია, არა ის თუ რა უქნა მარადონამ თავის ცხოვრებას, არამედ ის თუ რა უქნა მან ჩვენ ცხოვრებას".

21:32 | 26.11.2020
O. Mertskhali (8101)

+

21:08 | 26.11.2020
arsena8 (732)

პირველად დიგო ქლიბაძის გადაცემაში ვნახე, 79 ან 80წ იყო, შოტლანდია -არგენტინის ამხანაგური თამაში, 30წმ სიუჟეტი, ფენომენალური დრიბლინგი,არც მანამდე და არც მერე ასეთი სრულყოფილი ტექნიკა არავის ჰქონია,და ასე მაგრად ვერავინ ატყუებდა. ბუნებრივი ტალანტი იყო, ნებისმიერ დარგში ფენომენი იქნებოდა, ეს გაუნათლებელი კაცი ხანდახან ისეთს იტყოდა რომ აფორიზმად რჩებოდა: "ბურთი არ ისვრება" და მსგავსი. რაც ფეხბურთს შეეშვა სულ ახალი ცაცია 10-იანის მოლოდინში ვიყავი. ასაკთან ერთად სულ გაუბერა, ბავშვობის მეგობარივით იყო,თინეიჯერის აზროვნება რომ რჩება და ურთიერთობა გეუხერხულება, მაგრამ ყოველ გახსენებაზე კარგ ხასიათზე დგები. გული დამწყდა .

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110721
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
606