ამ შაბათს დიდი ბრძოლაა - რინგს ორი ლეგენდა, მაიკ ტაისონი და როი ჯონს უმცროსი უბრუნდება. ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ბრძოლა საჩვენებელია, მაგრამ ძალიან პრინციპული. ორივე მოკრივე 50-საა გადაცილებული, მაგრამ ჟინი ახალგაზრდული აქვთ. ტაისონი ისეთ ფიზიკურ ფორმაშია, ვერც იფიქრებთ, რომ რინგზე წლებია, არ ასულა...
მათი დაბრუნება კრივის სამყაროს მთავარი თემაა. და რა თქმა უნდა, მასზე სხვა სახელოვანი მოკრივეებიც მსჯელობენ, მათ შორის, ჯორჯ ფორმენიც, რომელიც ათწლიანი უქმობის შემდეგ, რინგს 38 წლის ასაკში დაუბრუნდა და 45 წლისა, კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ტაისონი ახლა 54 წლისაა და სამიზნეში ტიტულები არ აქვს. მას რინგზე უკვე 15 წელი არ უბრძოლია. ფორმენი ფიქრობს, რომ ასაკის მიუხედავად, ტაისონისთვის დაბრუნება უფრო იოლი უნდა იყოს, რადგან ის ტიტულისთვის ბრძოლას არ აპირებს. მისი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ძალიან სწრაფი ხელების მქონე მეტოქე ჰყავს.
„ის საჩვენებელ შეხვედრას მართავს, რომელსაც ალბათ გაგრძელება არ მოჰყვება. მე რომ დავბრუნდი, რეალური ბრძოლები მქონდა. მე რინგიდან 10 წლის წასული ვიყავი, დავბრუნდი და ვთქვი, რომ ისევ მსოფლიო ჩემპიონობას ვაპირებდი. ის საჩვენებელი ბრძოლით ბრუნდება, რაც გაცილებით იოლია, ვიდრე კონკურენტულ გარემოში დაბრუნება“, - ამბობს ფორმენი.
მისი თქმით, როცა 1987 წელს დაბრუნება გადაწყვიტა, სავარჯიშო მეტოქედ საშუალო წონის ახალგაზრდა რეჯი ჯონსონი შეარჩია, რომელიც შემდგომში, საშუალო და ქვემძიმე წონებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მაშინ ფორმენს წონა ჰქონდა აკრეფილი და სისწრაფე - დაკარგული. და მან ჯონსონი სწრაფი ხელების გამო აარჩია.
ფორმენი იხსენებს, რომ როცა ჯონსონს პირველად სპარინგ ბრძოლა გაუმართა, პირველივე მოძრაობაზე, მისგან დარტყმა მიიღო. „ეს არ იყო ისეთი დარტყმა, რომ დავეგდე, მაგრამ მე ის ვიგრძენი. სპარინგის შერჩევისას ვთქვი, რომ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, თუ მძიმე დარტყმის მქონე ბიჭებს შემახვედრებდნენ, მაგრამ სწრაფი მეტოქე არ მინდოდა. ვფიქრობ, მაიკს როისთან გაუჭირდება. იმიტომ, რომ როი სწრაფია. ის 51 წლისაა, მაგრამ მაიკზე სწრაფი ახლაც იქნება. ეს ისეთი რამაა, რასაც მიჩვევა უნდა“.
ჯონსს ვარჯიშისას კვლავ ეტყობა, რომ სწრაფი ხელები აქვს, ტაისონი კი ძველებურად რკინასავით გამოიყურება...