ჩოგბურთი

23:00 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

თიმი როჯერს შეუერთდა - ავსტრიელი ლეივერის თასზე მიიღებს მონაწილეობას

მსოფლიოს ნომერ მესამე ჩოგბურთელი და აშშ-ს ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული დომინიკ თიმი 2021 წლის როდ ლეივერის თასზე მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ინფორმაცია ავსტრიელმა ჩოგბურთელმა ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

2020 წელს დომინიკი ავსტრალიის და აშშ-ს ღია პირველობის ფინალში გავიდა და მხოლოდ ამერიკაში შეძლო გამარჯვება. ასევე, 2020 წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში თიმი ზედიზედ მეორედ გავიდა, თუმცა ამჯერად ტიტულის მოპოვება დანილ მედვედევთან შეხვედრაში ვერ შეძლო. შემაჯამებელზე ავსტრიელმა რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

დომინიკი ლეივერის თასზე ბიორნ ბორგის ევროპის ნაკრებში იქნება, სადაც იგი დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულ, როჯერ ფედერერს შეუერთდება. შვეიცარიელმა თიმამდე უკვე დაადასტურა, რომ ლეივერის თასზე მიიღებს მონაწილეობას.

"ლეივერის თასი ფანტასტიკური ღონისძიებაა და მოხარული ვარ, რომ ბოსტონში ევროპის გუნდის წევრი ვიქნები," - თქვა თიმმა თასის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

"საკმაოდ იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან ბოლო სამი ტურნირიდან გამარჯვებული გუნდის წევრი ორჯერ - პრაღასა და ჟენევაში ვიყავი. ეს უნიკალური ტურნირია და სხვა ტურის შეჯიბრებებს არ გავს. მოუთმენლად ველოდები ტურნირის დაწყებას, რათა ევროპის გუნდს მეოთხე ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო. ძალიან მაგარია, როდესაც ხარ გუნდში იმ ჩოგბურთელებთან ერთად იბრძვი, რომლებსაც სეზონის განმავლობაში ტურნირებზე ხვდები. ერთად ბევრს ვხალისობთ, მაგრამ ასევე ბევრს ვსწავლობ როჯერისგან და ბიორნისგან, რომელთაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ."

ევროპის ნაკრების კაპიტანი ბიონ ბორგი ასევე მოხარულია თიმის მის გუნდში ყოფნით და იმედოვნებს, რომ ევროპელები ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვებენ ლეივერის თასზე, რომელიც 2017 წელს პირველად პრაღაში ჩატარდა.

"2020 წლის უპრეცედენტო მდგომარეობის მიუხედავად, დომინიკს წარმოუდგენელი სეზონი ჰქონდა. იგი მაღალ დონეზე სტაბილურად ასპარეზობდა და დიდებული იყო მისი ნახვა, როდესაც ნიუ იორკში პირველად შეძლო დიდი სლემის ტურნირის მოგება. მასთან და როჯერთან ერთად კარგ გუნდს ვაყალიბებთ, მაგრამ დამაჯერებელი ასპარეზობისთვის გვინდა, რომ ტოპ ფორმაში ვიყოთ, რადგან დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები სულ უფრო ძლიერი ხდება, ხოლო ჩემ დიდ მეგობარ და მოწინააღმდეგეს ჯონ მაკენროის, საკუთარი გულშემატკივრების თანდასწრებით ტურნირზე გამარჯვება სურს." - განუცხადა ლეივერის თასის ოფიციალურ ვებგვერდს ბორგმა.

"მოხარულები ვართ, რადგან დომინიკი ევროპის ნაკრებს შეუერთდა და 2021 წელს იასპარეზებს. შემდეგი წლის შეჯიბრება ბოსტონში გაიმართება, ერთ-ერთ საუკეთესო სპორტულ ქალაქში, წარმოუდგენელი მოთამაშეებით და გულშემატკივრებით." - განაცხადა თასის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ზაკსმა.

ლეივერის თასის რიგით მეოთხე გათამაშება ბოსტონში 2021 წელს გაიმართება. ტურნირი 24-26 სექტემბერს ჩატარდება. მიმდინარე წელს აღნიშნული ტურნირი პანდემიის გამო გაუქმდა, ისევე როგორც ბევრი სხვა შეჯიბრება. ევროპის ნაკრები თასის მფლობელი 2017 წელს პრაღაში, 2018 წელს ჩიკაგოში, ხოლო 2019 წელს ჟენევაში გახდა. მსოფლიოს ნაკრების კაპიტანი ჯონ მაკენროი იქნება. ლეივერის თასის ვებგვერდის ინფორმაციით, სხვა ჩოგბურთელების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მომავალში დაანონსდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113129