ფეხბურთი

21:46 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერა

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მსოფლიოს ჩემპიონი და ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიმდინარე თვის დასაწყისში მარადონას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. სამხრეთამერიკელს თავის ტვინში ჰემატომა ჰქონდა და საბოლოოდ, გულის შეტევით სახლში გარდაიცვალა.

მარადონა 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო და მეოთხედფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრების კარში ცნობილი გოლი ("ღმერთის ხელი") გაიტანა. იმ წელს მარადონა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

დიეგომ მსოფლიოს სატრასფერო რეკორდი ორჯერ დაამყარა - 1982 წელს არგენტინელმა "ბოკა ხუნიორსი" დატოვა და "ბარსელონაში" გადავიდა. ესპანელებმა იმ დროისთვის სარეკორდო თანხა 3 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. ორი წლის შემდეგ კი მარადონაში "ნაპოლიმ" 5 მილიონი გადაიხადა. ნეაპოლური კლუბის სტადიონზე მას 80,000 გულშემატკივარი დახვდა და არგენტინელმა მათი იმედები გაამართლა - "ნაპოლიმ" მისი ლიდერობით 1987 და 1990 წლებში იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1989 წელს - უეფას თასი.

1990 წელს არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დასავლეთ გერმანიასთან წააგო. მომავალ წელს კი მარადონა აკრძალული პრეპარატის მიღების გამო 15-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. აშშ-ში გამართული 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მარადონა კვლავ არგენტინას კაპიტნობდა, თუმცა ტურნირი ნაადრევად, კვლავ აკრძალული პრეპარატის გამოყენების გამო დატოვა. საბოლოოდ, მარადონამ საფეხბურთო კარიერა 1997 წელს, 37 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეზე დაასრულა. იმ პერიოდში დიეგო "ბოკა ხუნიორში" თამაშობდა. ეროვნულ ნაკრებში მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა, ხოლო "ალბისელესტეს" ღირსებას ოთხ მსოფლიოს თასზე იცავდა.

სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, დიეგომ არგენტინის ეროვნული ნაკრები 2008 წელს ჩაიბარა, თუმცა 2010 წელს გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიასთან წაგებული მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ დატოვა. ამის შემდეგ მარადონა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მექსიკაში მუშაობდა. ბოლო გუნდი კი ლა პლატის "ხიმნასია" იყო, რომელსაც მიმდინარე წელს წვრთნიდა.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ღრმა მწუხარება გამოთქვა მარადონას გარდაცვალების გამო. არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა კი ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

0.113641