ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტურის მატჩები ოთხ ჯგუფში გაიმართა და ოთხმა გუნდმა უკვე ოფიციალურად მოიპოვა მერვედფინალის საგზური. უკვე ვიცით, რომ პლეი-ოფის საწყის სტადიაზე ლონდონის "ჩელსი", "ბარსელონა", "იუვენტუსი" და "სევილია" ითამაშებენ.
E ჯგუფში ლონდონის „ჩელსი“ და „სევილია“კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა რომ იდგნენ, ისედაც ნათელი იყო და ალბათ, ეს შედეგი გასაკვირი არაა. ფრენკ ლამპარდის გუნდი საფრანგეთში „რენთან“ 22-ე წუთზე კალუმ ჰადსონ-ოდოიმ დააწინაურა, რასაცმასპინძლებმა ჟირასის გოლით საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე უპასუხეს და ქულის მოპოვების დიდი იმედიც გაიჩინეს. თუმცა, 90-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ ივარგა და „ჩელსის“ მოაგებინა, რითაც მერვედფინალში გასვლის საკითხიც გააოფიციალურა.
პარალელურად, „სევილიამ“ რუსეთში „კრასნოდარს“ აჯობა. უკვე მეოთხე წუთზე ივან რაკიტიჩიმ ანგარიში გახსნა და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი ვანდერსონმა გაათანაბრა და რუსები მართლაც ახლოს იყვნენ ქულასთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე მუნირ ელ ჰადადიმ „დალაქები“ სევილიაში 3 ქულით დააბრუნა.
შედეგად, ოთხი ტურის თავზე „ჩელსი“ და „სევილია“ 10 ქულით მერვედფინალში არიან და პირველი ადგილის ბედს მომდევნო ტურში ერთმანეთში „სანჩეს პისხუანზე“ გაარკვევენ. ასევე მომდევნო ტურში „კრასნოდარი“ და „რენი“, რომელთაც თითო-თითო ქულა აქვთ, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დაევროპა ლიგაზე გასვლაც ნებისმიერისთვის პოზიტიური შედეგი იქნება.
F ჯგუფში ჯერ ბეჭედი არაა დასმული, მაგრამ წინ მხოლოდ დრო უდგას „დორტმუნდისა“ და რომის „ლაციოს“ კვალიფიცირებას. გერმანელებმა საკუთარ მოედანზე „ბრიუგე“ მიიღეს და ერლინგ ჰოლანდის დუბლითა და ჯეიდონ სანჩოს გოლით 3:0 დაამარცხეს. ლუსიენ ფავრის გუნდმა 9 ქულას მოუყარა თავი და ცხადია, ჯგუფიდან გასვლა არ გაუჭირდება, რადგან მესამე ადგილს უკვე 5 ქულითაა დაშორებული.
იგივე ითქმის „ლაციოზე“, რომელმაც შინ „ზენიტი“ ჩირო იმობილეს დუბლით 3:1 დაამარცხა და „ბრიუგეს“ უკვე 4 ქულით უსწრებს, რაც მიანიშნებს, რომ „არწივები“ მერვედფინალში გავლენ. ცხადია, ჯერ ეს ცნობა ოფიციალური არაა, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ „ლაციალემ“ ესოდენ ხელსაყრელი უპირატესობა გაანიავოს.
G ჯგუფში ყველაფერი დასრულდა. ყოველშემთხვევაში მთავარი გარკევულია - „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ მერვედფინალში არიან. ლიონელ მესის, ფრენკი დე იონგისა და ჟერარ პიკეს გარეშე „ბარსამ“ კიევში „დინამოს“ შავი დღე აყარა, მიუხედავად იმისა, რომ ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში კატალონელებმა ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს და ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობენ. „ბარსელონას“ მერვედფინალში „იუვენტუსიც“ გაჰყვა, რომელმაც ლაშა დვალის „ფერენცვაროშთან“ შინ ბევრი იწვალა, მაგრამ მაინც მოიგო. უზუნის გოლს კრიშტიანუ რონალდუმ სწრაფად უპასუხა, აი, გამარჯვების გოლის გასატანად ტურინელებს დიდი დრო დასჭირდათ და საბოლოოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ალვარო მორატამ შეძლო თავის გამოჩენა. „იუვენტუსს“ 9 ქულა აქვს და პლეი-ოფშია, მაგრამ პირველ ადგილზე გასვლა ძალიან გაუჭირდება. „ფერენცვაროში“ და კიევის „დინამო“ კი მესამე ადგილისთვის და შესაბამისად, ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ.
და ბოლოს, H ჯგუფი, სადაც დაძაბული მდგომარეობაა სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბრუნო ფერნანდეშის ლიდერობით „ბაშაკშეჰირი“ 4:1 დაამარცხა და 9 ქულით ჯგუფს ისევ ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. „წითელი ეშმაკები“ ახლოს არიან მერვედფინალთან, მაგრამ წინ ორი რთული მატჩი ელოდებათ და ყურადღება არ უნდა მოადუნონ.
აი, „პარი სენ ჟერმენმა“ კი „ლაიფციგი“ ნეიმარის სწრაფი პენალტით 1:0 დაამარცხა. ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს და კაცმა არ იცის მომდევნო ორ ტურში რა მოხდება. არც ისაა გამორიცხული, რომ „მანჩესტერი“ მოიტოვონ უკან, რადგან ორივეს სათამაშო აქვს ინგლისურ გრანდთან და არც ის, რომ ან ფრანგული ან გერმანული გუნდი ჯგუფში ჩარჩეს. მოკლედ, ამ ოთხი ჯგუფიდან, რომლებიც ყოველთვის ერთ დღეს თამაშობენ, ინტრიგა მხოლოდ H ჯგუფშია შემორჩენილი.
E ჯგუფი
„რენი“ – „ჩელსი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჰადსონ-ოდოი (22), 1:1 ჟირასი (85),1:2 ჟირუ (90)
„კრასნოდარი“ – „სევილია“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (4), 1:1 ვანდერსონი (56), 1:2 ელ ჰადადი (90)
F ჯგუფი
„დორტმუნდი“ – „ბრიუგე“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ჰოლანდი (18), 2:0 სანჩო (45), 3:0 ჰოლანდი (60)
„ლაციო“ – „ზენიტი“ 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 იმობილე (3), 2:0 პაროლო (22), 2:1 ძიუბა (25), 3:1 იმობილე (55, პენ)
G ჯგუფი
„იუვენტუსი“ – „ფერენცვაროში“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 უზუნი (19), 1:1 რონალდუ (35), 2:1 მორატა (90)
„დინამო“ – „ბარსელონა“ 0:4 (0:0)
გოლები: 0:1 დესტი (52), 0:2 ბრაიტვაიტი (57), 0:3 ბრაიტვაიტი (70, პენ), 0:4 გრიზმანი (90)
H ჯგუფი
„მანჩესტერი“ – „ბაშაკშეჰირი“ 4:1 (3:0
გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (7), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (19), 3:0 რაშფორდი (35, პენ), 3:1 ტურუჩი (75), 4:1 ჯეიმსი (90)
„პსჟ“ – „ლაიპციგი“ 1:0
გოლი: 1:0ნეიმარი (11, პენ)