ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში G ჯგუფში ტურინის "იუვენტუსი" უნგრეთის ჩემპიონ "ფერენცვაროშს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ცხადია, "იუვე" გამოკვეთილი ფავორიტი იყო, მაგრამ ძალიან გაუჭირდა, ჯერ აგებდა და კრიშტიანუ რონალდუმ გაათანაბრა, მერე გამარჯვების გოლი ალვარო მორატამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.
უნგრელები თავს კარგად იცავდნენ და ამაში ლაშა დვალის წვლილიცაა, რომელმაც ტურინელთა წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. სამცველიან ტაქტიკაში ცენტრალურ მარცხენა მცველად ქართველმა ფეხბურთელმა ურიგო შთაბეჭდილება სულაც არ დატოვა და მრისხანე ტურინელ შემტევებს რიგ ეპიზოდებში საჯბნიდა კიდეც.
"იუვენტუსმა" ამ მოგებით 9 ქულა დააგროვა და მერვედფინალის საგზური უკვე გაინაღდა, ხოლო "ფერენცვაროშს" 1 ქულა აქვს, ისევე როგორც კიევის "დინამოს" და ისინი ევროპა ლიგის საგზურს ერთმანეთში გაითამაშებენ.