ფორმულა 1-ში 2022 წლიდან ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება, რომლის მთავარი მიზანი, გუნდებს შორის კონკურენციის გაზრდაა. ამის მისაღწევად, შეიზღუდება აეროდინამიკა და შემცირდება ჩაჭიდება.
აქამდე თუ ინჟინრები ჩაჭიდების გასაზრდელად, მაქსიმალურად იყენებდნენ ავტომობილის ტანს, ახალი რეგლამენტით, ეს მიმართულება შეიზღუდება და სამუშაო გრაუნდ ეფექტზე იქნება, რომელიც აქამდე აკრძალული იყო. ამასთან, რეგლამენტი გუნდებს ისეთი მანქანების დამზადებას აიძულებს, რომლებიც უკან, ჰაერის ნაკლებად ტურბულენტურ ნაკადს დატოვებენ.
ჰაერის ტურბულენტურობა არის იმის ძირითადი მიზეზი, რომ რბოლისას მანქანები ერთმანეთთან მჭიდროდ მიახლოებას ვერ ახერხებენ, რადგან მდგრადობას კარგავენ. ახალი რეგლამენტთ კი ეს შესაძლებელი გახდება. გარდა ამისა, სპორტული რეგლამენტი გუნდებს ბიუჯეტის ჭერს განუსაზღვრავს და საპრიზო თანხაც გუნდებს შორის უფრო სამართლიანად განაწილდება.
„მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ირწმუნება, რომ ახალი წესების მიზანი, გერმანული გუნდის დომინაციის დასრულებაა. სამქიმიანებს V6 ჰიბრიდბის ეპოქაში ბადალი არ ჰყავთ - მათ 2014 წლიდან მოყოლებული, მრბოლთა და კონსტრუქტორთა ერთი ტიტულიც არავისთვის დაუთმიათ. ვოლფის თქმით, „ყველაფერი კეთდება ჩვენს შესაჩერებლად“. თუმცა დასძენს, რომ ბრეკლიში (ინგლისი) ბაზირებულ გუნდს ეს მეტ მოტივაციას აძლევს.
მას არ ეთანხმება „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი, ვინც 2019 და 2020 წლებში „მერსედესის“ პილოტების, ლუის ჰამილტონის და ვალტერი ბოტასის მთავარი კონკურენტია.
„ახალი წესები არის იმის შედეგი, რომ ფ1-ის ახალი მფლობელები, გუნდებს და მრბოლებს უსმენენ. მათ გაიგეს, რომ გასწრება ძალიან გაძნელებულია და ჩვენ უფრო დაძაბული რბოლები გვსურს. ამის მაგალითად იმოლას რბოლად მოვიყვან, სადაც ვალტერის დაზიანებული მანქანა სამი თუ ოთხი მეათედი წამით ნელი იყო, მაგრამ მე მის გასწრებას ვერ ვახერხებდი“, - ყვება ფერსტაპენი და დასძენს, რომ ახალი რეგლამენტი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.