ფეხბურთი

2:47 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დუბლი და მორიგი ტურინული რეკორდი

იტალიის სერია A-ს მერვე ტურის პირველ სათამაშო დღეს „იუვენტუსმა“ „კალიარის“ უმასპინძლა და გამარჯვება არ გასჭირვებია. ანდრეა პირლოს გუნდმა სასიამოვნო ფეხბურთი ითამაშა, დომინანტური და ანგარიში უფრო დიდი რომ არაა, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ბოლო ფაზაში მეტი ყურადღებით არ ითამაშეს.

ამის მიუხედავად, ტურინელებმა მარტივად იმარჯვეს და მეტოქის კარში ორი უპასუხო გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ოთხწუთიან ინტერვალში გაიტანეს. ორჯერვე თავი კრიშტიანუ რონალდუმ გამოინა. პორტუგალიელმა მორიგი დუბლი მიითვალა, 5 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ლიდერობს. სხვათა შორის, რონალდუ „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 3-ქულიან ერაში (1994 წლიდან, როცა გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ) სეზონის საწყის 5 მატჩში მოედანი უგოლოდ არ დატოვა. ცხადია, კრიშტიანუს შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, 3 ტური კორონავირუსის გამო რომ არ გასცდენოდა. ამასობაში, „იუვენტუსმა“ 16 ქულას მოუყარა თავი და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა მისი კონკურენტები კვირას ითამაშებენ.

შაბათს კიდევ ორი მატჩი გაიმართა. რომის „ლაციომ“ სტუმრად „კროტონეს“ ადვილად აჯბა 2:0 და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა, ხოლო „ატალანტამ“ პირიქით დაკარგა, რადგან „სპეციასთან“ სტუმრად ქულას დასჯერდა (0:0).

„იუვენტუსი“ – „კალიარი“ 2:0 (2:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; კუადრადო, დემირალი, დე ლიხტი, დანილო (ალექს სანდრო 85); კულუშევსკი (კიეზა 85), რაბიო (მაკკენი 69), არტური (ბენტანკური 85), ბერნარდესკი; მორატა (დიბალა 69), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„კალიარი“ (3-4-2-1): კრანიო; პისაჩენე, კლავანი (კარბონი (70), ვალუკიევიჩი; ძაპა, მარინი (კალიგარა 70), როგი, ტრიპალდელი (სოტილი 46); უნასი (ოლივა 81), ჟოაო პედრო; სიმეონე (პავოლეტი 80)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 რონალდუ (38), 2:0 რონალდუ (42)

გაფრთხილება: რაბიო (33), დანილო (53), არტური (54) - ტრიპალდელი (35), სოტილი (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (8) – 3 (0) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ფაბიო მარესკა

„კროტონე“ – „ლაციო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 იმობილე (21), 0:2 კორეა (58)

„სპეცია“ – „ატალანტა“ 0:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110455