სხვა

4:11 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონი ფრენკ უორენის საუკეთესოთა ათეულში ვერ მოხვდა

ბრიტანელმა პრომოუტერმა ფრენკ უორენმა, ყველა დროის 10 საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივის სია გამოაქვეყნა, რომელშიც მაიკ ტაისონისთვის ადგილი ვერ გამონახა. ამის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელა, რომ ტაისონი სვამდა, ნარკოტიკებს ეტანებოდა და ციხეშიც კი ამოჰყო თავი.

ტაისონი ახლა 54 წლისაა და რინგზე დასაბრუნებლად ემზადება. ამ თვის ბოლოს, კალიფორნიაში მას ბრძოლა აქვს დანიშნული კრივის კიდევ ერთ ლეგენდასთან, როი ჯონს უმცროსთან და თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ მაყურებელმა რინგზე ძველი რკინის მაიკი იხილოს.

ტაისონმა 1986 წელს ტრევორ ბერბიკი დაამარცხა და WBC-ს ტიტულს დაეუფლა, რითაც კრივის ისტორიაში, მძიმე წონის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეს ქამარი ამჟამად ბრიტანელ ტაისონ ფიურის ეკუთვნის.

თავისი კარიერის განმავლობაში, ტაისონმა სახელი გაითქვა, როგორც უმძიმესი დარტყმის მქონე მოკრივემ, ვისაც არაერთი ბრძოლა პირველივე რაუნდში, ნოკაუტით აქვს მოგებული. მაგრამ უორენი თვლის, რომ რინგს მიღმა, ცხოვრების აღვირახსნილი სტილის გამო, ტაისონი საუკეთესოთა ათეულში მოხვედრას არ იმსახურებს.

ტაისონი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში აღიარებს, რომ „უზომოდ სვამდა, ხარბად ჭამდა და ქალებში დროს ატარებდა“. 1992 წელს გაუპატიურებაში დაადანაშაულეს და სამი წლით ციხე მიუსაჯეს. უორენი ამბობს, რომ ყველაფერთან ერთად, თავის მეტოქეებსაც უღირსად ექცეოდა.

„ის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა მძიმეწონოსანი მოკრივე იყო. მაგრამ ჩემს ათეულში ვერ მოხვდა, რადგან სვამდა, ნარკოტიკებს მოიხმარდა, მოხვდა ციხეში. თავის საუკეთესო ფორმაში, შეძლებდა თუ არა მუჰამედ ალის? ალის საუკეთესო ვერსიას? ეს დიდებული ბრძოლები იქნებოდა. არ მგონია, მას სონი ლისტონი, ლარი ჰოლმსი დაემარცხებინა. ვერც ალის მოუგებდა და ვერც ჯო ფრეიზერს. და ვფიქრობ, ვერც ჯორჯ ფორმენს მოუგებდა“, - ამბობს უორენი.

0.115917