ჩოგბურთი

2:46 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მედვედევთან დამარცხდა

ლონდონის O2 არენაზე მიმდინარე ATP-ს ფინალის ტოკიოს ჯგუფში, მსოფლიოს პირველი ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩი დანიილ მედვედევთან 6-3 6-3 დამარცხდა. ამგვარად, რუსმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, ჯოკოვიჩს კი ამავე უფლების მისაღებად, გერმანელი ალეკსანდერ ზვერევის დამარცხება სჭირდება, რომელმაც არგენტინელ დიეგო შვარცმანს მოუგო.

შვარცმანს ორი წაგება აქვს და ტურნირს უკვე გამოეთიშა. ის ჯოკოვიჩმა და ზვერევმა დაამარცხეს, რომლებსაც თითო მოგება აქვთ და ურთიერთდაპირისპირებაში ეცდებიან ჯგუფიდან გასვლას.

„დარწმუნებული ვარ, ეს მისი საუკეთესო თამაში არ იყო. მსგავსი რამ ყველას მოსდის. მე თავდაჯერებულად ვარ. ჩემი შანსები უნდა გამომეყენებინა, რათა ეს შეხვედრა მომეგო. ეს ჩემთვის დიდი მატჩი იყო“, - განაცხადა მედვედევმა.

შეხვედრის მესამე გეიმში სერბი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, როცა საკუთარ მოწოდებაზე ორი ბრეიკ პოინტის მოგერიებამ მოუწია. ორივე გადაარჩინა და გეიმიც მოიგო. მეშვიდეში ისევ 15-40 ჩამორჩა. ამჯერადაც ორივე ბრეიკ პოინტი გააბათილა, მაგრამ ანგარიში გათანაბების შემდეგ, მედვედევმა ისევ შემოაბრუნა თამაში და ბრეიკსაც მიაღწია.

მედვედევმა თავისი გეიმი იოლად მოიგო, მეცხრე გეიმში კი მეტოქის ორმაგი შეცდომებით შესანიშნავი საჩუქარი მიიღო, რომელთა არგამოყენებაც დანაშაული იქნებოდა - სერბის მესამე ორმაგმა შეცდომამ, სეტი რუსს მოაგებინა.

მეორე სეტიც მედვედევის უპირატესობით დაიწყო, მან სწრაფად მოათავა საქმე თავის გეიმზე და ჯოკოვიჩის მოწოდბაზე ისევ იმარჯვა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ვისაც ეს ტურნირი ხუთჯერ აქვს მოგებული, ზედიზედ მეექვსე გეიმი დათმო. და ამაში ხელი უამრავმა შეცდომამ შეუწყო. 0-2-ზე მას საპასუხო ბრეიკის შანსი ჰქონდა, მაგრამ მეტოქემ მისი გამოყენების შანსი არ დაუტოვა.

ჯოკოვიჩის შეცდომებმა მედვედევს კიდევ ერთი ბრეიკი მოაპოვებინა. მერვე გეიმში ჯოკოვიჩმა თავისი გეიმი მშრალად მოიგო და თითქოს, სეტის გადარჩენის მცირე შანსი გაჩნდა, მაგრამ მეცხრე გეიმში ეს შანსიც გაქრა - რუსმა იოლად მოიგო თავის მოწოდებაზე და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

0.132379