ფეხბურთი

22:57 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

არც ხარისხი და არც შედეგი: საქართველო მესამე ადგილზე, B დივიზიონში სომხეთი აღზევდა

საქართველოს ნაკრებმა 2020 წელს ბოლო შეხვედრა ჩაატარა და ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის დასკვნით მატჩში ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრას არცერთი გუნდისთვის სატურნირო დატვირთვა არ ჰქონდა და თამაშსაც დაეტყო.

მეტად მოსაწყენ და უფერულ მატჩში გოლი არ გასულა, ნულოვანი ფრეც ლოგიკური იყო. საქართველოს ნაკრებს დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უხელმძღვანელა, თუმცა გამარჯვების მოპოვებაში ვერ დაეხმარა.

საქართველო მთელი თამაში ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. პირველ ტაიმში დასამახსოვრებელი მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილის მომენტი იყო, როცა ახლო მანძილიდან ემუქრებოდა მეტოქის კარს, მაგრამ ააცილა.

მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა ვითარება. საქართველო ბურთს ფლობდა, მაგრამ შეტევაში სიმწვავე არ იგრძნობოდა. მხოლოდ შორეული დარტყმებით შეიქმნა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები. ჯაბა კანკავამ და ვაკო ყაზაიშვილმა კარს ააცილეს, ხოლო გიორგი პაპუნაშვილს მეკარემ აჯობა. საბოლოოდ 0:0 და ეს სამართლიანი შედეგი იყო.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულა მოიპოვა (1 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება) და მესამე ადგილზე გავიდა, ესტონეთს ბოლო ადგილი ერგო 3 ქულით. ცნობისთვის, პირველ ადგილზე სომხეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობა და შედეგად, 11 ქულით B დივიზიონის საგზური მოიპოვა.

საქართველო - ესტონეთი 0:0 (0:0)

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), კაშია, ტაბიძე; კანკავა, კვეკვესკირი; ლობჟანიძე (მიქელთაძე 85), ყაზაიშვილი, დავითაშვილი (პაპუნაშვილი 65); კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

ესტონეთი (4-2-3-1): ჰეინი; ტენისტე (ლილანდერი 81), ტამი, კუუსკი, პიკი; სომერტსი (მილერი 79), კრეიდა; ზენიოვი (მარინი 79), ვასილიევი, სინიავსკი (ლივაკი 86); საპინენი (ანიერი 86)

მწვრთნელი: კარელ ვოოლაიდი

გაფრთხილება: კრეიდა (44), კუუსკი (45), სომერტსი (60)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 4 (0) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ირფან პელიტო (ბოსნია)

0.112988