ფეხბურთი

23:10 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კარელ ვოოლაიდი: "საქართველო კარგი გუნდია, ვიბრძოლეთ და შედეგით კმაყოფილი ვარ"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეექვსე ტურის მატჩი ჩაატარა, რითაც როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ისე 2020 წელს ასპარეზობა დაასრულა. ქართველი ფეხბურთელები თბილისში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ვოოლაიდი გუნდის თამაშით და შედეგით კმაყოფილი დარჩა. როგორც აღნიშნა, რესურსიდან გამომდინარე საქართველოში ფრე მათთვის მისაღებია.

„საქართველოს ნაკრები დღეს ბურთს კარგად ფლობდა და ზოგადად, ძალიან კარგი ნაკრებია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უფრო მაღალ დონეზე და უკეთ ვითამაშოთ, მაგრამ რესურსი ასეთია. აქედან გამომდინარე დღევანდელი შედეგით კმაყოფილი ვარ, ბევრი ვიბრძოლეთ, განსაკუთრებით დაცვაში და ეს დაგვიფასდა. მიმაჩნია, რომ შედეგით მეც და ჩემი ფეხბურთელებიც კმაყოფილები უნდა იყვნენ.

მე ესტონეთის ნაკრებთან კონტრაქტი ამომეწურა. მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს უკვე დიდი ხანია, რადგან მათთან მუშაობა ახალგაზრდულ ნაკრებში მომიწია, თუმცა არ ვიცი დავრჩები თუ არა გუნდში. როგორც ვთქვი, კონტრაქტი დამისრულდა“, - თქვა ვოოლაიდმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს ახალი მთავარი მწვრთნელით 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ჩაატარებს.

0.117746